ავტორი თაკო კვარაცხელია
ლეგენდარული ქართველი მომღერლის, დიდი ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა იხურება... როგორც მისი მეუღლე მარინა მაჭავარიანი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, ეს პრობლემა სკოლას ბანკთან არსებული დავალიანების გამო შეექმნა. ზურაბ ანჯაფარიძის ქვრივმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს...
- ქალბატონო მარინა, როგორც ვიცი, სახელოვნებო სკოლის შექმნით თქვენ თქვენი მეუღლის, ზურაბ ანჯაფარიძის ბოლო სურვილი შეასრულეთ, რომელიც მომავალში საფუძვლად უნდა დადებოდა საბავშვო ოპერის შექმნას... რომ მოგვიყვეთ ამ სკოლის შექმნის ისტორია და რატომ დადგა ახლა ის დახურვის საფრთხის წინაშე?
- ზურიკოს სიცოცხლეშივე უნდოდა ამ სკოლის შექმნა, თუმცა, რადგან უკვე ძალიან მძიმედ იყო ავად, მე ვითავე ტექნიკური დეტალების მოგვარება. თავიდანვე პრობლემებით დაიწყო ჩემი მეუღლის ამ ოცნების ასრულება, მაგრამ ეს დიდი ხნის წინათ იყო და არ ღირს ყველაფრის გახსენება...
- ამ უცნაური ისტორიის მიუხედავად, ხელი არ ჩაიქნიეთ და გადაწყვიტეთ, თქვენი გარდაცვლილი მეუღლის ანდერძი მაინც შეგესრულებინათ. როგორ გრძელდება ეს ამბავი?
- 2019 წელს მივმართე ერთ-ერთ ბანკს. მათ დამიმტკიცეს სესხი და კოსტავას 63 ნომერში შევიძინე 147 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც დავიწყვეთ ბავშვების მეცადინეობა. მოზარდების სწავლა მიმდინარეობდა იმ პროგრამით, რა პროგრამაც, თავის დროზე, თავად ზურიკომ შეარჩია. აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ კი, უნდა ჩამოყალიბებულიყო საბავშვო ოპერა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნებოდა. ეს ჩემთვის არ იქნებოდა არც ბიზნესი, არც დამატებითი შემოსავლის წყარო და არც პირადი ქონება, უბრალოდ, მინდოდა, შემესრულებინა ის დაპირება, რაც ზურიკოს გარდაცვალებამდე მივეცი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უდიდესი საქმე საქართველოსთვის კეთდებოდა! თავის დროზე, სკოლა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ილია მეორემ მითხრა კიდეც, ქვეყნისთვის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებითო...
- როდიდან დაიწყო პრობლემები ბანკთან და რამ განაპირობა იგი?
- წელიწადზე ცოტა მეტს ხანს ვიხდიდი კრედიტს დაუგვიანებლად, თუმცა, სამწუხაროდ, მოგვისწრო პანდემიამ, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კოვიდის გამო შემოღებულმა რეგულაციებმა, მოგეხსენებათ, მსოფლიოში შეაჩერა ყველაფერი და გამონაკლისი არც ჩვენი სკოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან შემოსავალი აღარ გვქონდა, თვეების განვალობაში სესხს მაინც ვიხდიდით, თუმცა, საბოლოოდ უბრალოდ შეუძლებელი გახდა ამ ვალის დროულად გასტუმრება. ბანკი გვერდში დამიდგა, გაგვიკეთა შეღავათიანი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვა, თუმცა, შემოსავლის არქონის პირობებში, ვერც ამ გრაფიკის მიხედვით ვახერხებდით ბანკთან შესაბამის ანგარიშსწორებას... ცოტა ხნის წინათ დამიკავშირდნენ ბანკიდან და შემატყობინეს, რომ გადაუხდელობის გამო, ბინა მათ საკუთრებაში უნდა გადავიდეს.
- როგორც ვიცი, დახმარების თხოვნით წერილობით მიმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, თუ არ ვცდები, იმავე შინაარსის წერილი გადაგზავნილია კულტურის სამინისტროში, თეა წულუკიანის სახელზეც...
- ჩემი სურვილი, პირადი პრობლემების მოგვარებაზე მეტად, ამ სკოლის გადარჩენა და ქვეყნისთვის მისი შენარჩუნებაა. შარშან, 18 ივლიისს შევიტანე განცხადება პრემიერ-მინისტრის სახელზე და წერილი იქიდან თავად გადააგზავნეს კულტურის სამინისტროში. კულტურის სამინისტროდან ამ დრომდე არავინ გამოგვხმაურებია. დარწმუნებული ვარ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალბატონ თეა წულუკიანამდე წერილმა შეიძლება ვერც მიაღწია, თორემ ზურიკო ანჯაფარიძის მასშტაბის მომღერლის სახელობის სკოლას ქალბატონი თეა უყურადღებოდ არ დატოვებდა.
- ზურაბ ანჯაფარიძეს საქართველოში ორი ძეგლი უდგას, ერთი ოპერის ბაღში, მის საფლავთან, მეორე კი შეკვეთილში, მუსიკალური პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სურვილითა და პატრონაჟით დაიდგა. ხომ არ გიცდიათ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ხმა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგეწვდინათ?
- შეკვეთილში დადგმული ძეგლის გამო, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას მადლიერი ვარ. ამ საკითხთან დაკავშირებით კი მისი შეწუხება მომერიდა... ადამიანი არანაირ თანამდებობას არ იკავებს, პოლიტიკიდანაც წასულია და მისთვის წერილის მიწერა, არ ჩავთვალე მიზანშეწონილად.
- პანდემიის დაწყებამდე, რამდენად ახერხებდა დაწესებულება თავის შენახვას, რამდენად დიდი იყო მოთხოვნა ბავშვების მხრიდან, ევლოთ კლასიკური მუსიკის გაკვეთილებზე და რამდენად იცოდნენ ბავშვების მშობლებმა ამ სკოლის არსებობის შესახებ?
- სკოლა დიდი ხნის დაფუძნებული არც იყო, პანდემია რომ დაიწყო, შესაბამისად ვერც მოვასწარით მისი პოპულარიზაცია... რითიც ვამაყობ, ისაა, რომ ჩვენთან გადასახდელი თანხა იყო ძალიან მცირე, მიზერული, რადგან მინდოდა, ისეთ ბავშვებსაც შეძლებოდათ სიარული, რომელთა მშობლებს არ ჰქონდათ მყარი ფინანსური შესაძლებლობები. ჩვენ ეს სკოლა ხელმომჭირნე და საშუალო ფენაზე გვქონდა გათვლილი, რომ არ დაჩაგრულიყო არცერთი ბავშვი. თავად ზურიკოც დიდ გაჭირვებაშია გაზრიდილი და ეს იყო მიზეზი, რომ სკოლაში მაღალი გადასახადი არ დავაწესეთ. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა დიდი მოთხოვნა, ივლის თუ არა მომავალში ბევრი ბავშვი, მე შევეცდები, რომ ეს სკოლა მაინც გავხსნა და ზურიკოს უკანასკელი სურვილი შევუსრულო. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საქართველოს საოპერო მომავლისთვის, ამ სკოლის არსებობას ფუნდამეტური მნიშვნელობა აქვს. ოპერას უნდა აღვუზარდოთ მომავალი თაობები და მომავალი ვარსკვლავების აღმოჩენის საქმეში, ჩვენს სკოლას ძალიან დიდი როლი ექნება. ბავშვები უნდა ეზიარონ უმაღლეს ხელოვნებას, რადგან სამწუხაროდ, დღეს მათმა დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, სად მდებარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ზურაბ ანჯაფარიძე იმსახურებს, რომ მისი სახელი იყოს უკვდავყოფილი. გულდასაწყვეტია, რომ ადამიანი, რომლის სახელიც ცის კაბადონზე ერთ-ერთ ვარსკვლავს აქვს მინიჭებული, მსოფლიო საოპერო ხელოვნების ენციკლოპედიაში კი საუკეთესო ხუთეულშია მოხსენიებული, საკუთარ ქვეყანაში მივიწყების პრობლემის წინაშე იდგეს, მაშინ, როცა რუსეთში მას მალე ძეგლს დაუდგამენ, რომლის ავტორიც ზურაბ წერეთელი იქნება. რატომღაც მჯერა, რომ საქართველოს დღეს ის მთავრობა არ ჰყავს, რომელიც ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას უგულოდ მოეკიდება და მხოლოდ მშრალი კანონების პირისპირ დატოვებს. მე იმედი მაქვს, არიან ადამიანები, რომლებიც დახმარებისა და გადარჩენის ქართული ტრადიციული კანონებით იხელმძღვანელებენ, თუნდაც იმიტომ, რომ დახმარებას ზურიკო ანჯაფარიძე კი არა, მის მიერ დაწყებული საქვეყნო საქმე ითხოვს, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ხელოვნების ამ ულამაზესი მიმართულების განვითარებაში.