საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს, ამ თემაზე „ალიას" „ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიკა არევაძე ესაუბრა. მისი თქმით, პრობლემა მოქალაქეებშია, რადგან ხელშეკრულებისის გაფორმებამდე ისინი არ ეცნობიან დეტალებს, შედეგად კი ბანკი უფლებას იტოვებს, კლიენტთან შეთანხმების გარეშე შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი.
„ეს ჩვენი, მოქალაქეების ბრალია, ისინი არ ეცნობიან კონტრაქტის დეტალებს საფუძვლიანად. თუ აპირებენ სესხის აღებას, უნდა წაიკითხონ ხელშეკრულება და შეეცადონ იმ პუნქტების ამოღებას, რის შესრულებასაც მომავალში ვერ შეძლებენ. ხელშეკრულება კლიენტსა და ბანკს შორის იდება ნებაყოფლობით. ბევრი იმიტომ არ კითხულობს ხელშეკრულებას, რომ არ იცის მასში ჩადებული რისკების შესახებ, ბრმად ენდობა ბანკს. რადგან არ კითხულობენ, შესაბამისად, არ იციან, რა პუნქტების შეცვლა შესთავაზონ ბანკებს, რა არის მათთვის საზიანო. კი, თუნდაც წაიკითხო და ხელშეკრულებაში ნახო რისკები, ბანკს მათი შეცვლა შესთვაზო, ბანკი ხშირ შემთხვევაში არ წამოვა მათ შეცლაზე, მაგრამ ძალიან ბევრ პუნქტს აკორექტირებს და რაღაც დოზით მაინც ითვალისწინებს კლიენტის ინტერესებს.
მაგალითად, იღებს უფლებამოსილებას, კლიენტის შესახებ სრული ინფორმაცია გადასცეს „კრედიტ ინფო საქართველოს". ასევე ბანკი იღებს წერილობით თანხმობას კლიენტისგან, რომ მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ამოიღოს საჯარო რეესტრიდან, ბანკი უფლებას იტოვებს, კლიენტთან შეთანხმების გარეშე შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის ან სხვა შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, მოითხოვოს მთლიანი თანხის უმოკლეს ვადაში უკან დაბრუნება. ეს ყველაფერი არის კაბალური პირობები კლიენტისთვის და თუ არ იბრძოლებს მათ შესაცვლელად, სხვა ვერ დაეხმარება. შესაძლოა, კლიენტი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყოს, ისე სასწრაფოდ სჭირდებოდეს თანხა, რომ ამ და სხვა პირობებსაც დასთანხმდეს. მაგრამ არსებობს მსესხებელთა მცირე კატეგორია, რომლებიც სესხს ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით იღებს და მათ ეს ყველაფერი წინასწარ რომ იცოდნენ, სესხს არ აიღებდნენ.
მოკლედ, აუცილებელია ხელშეკრულების გულდასმით წაკითხვა და ხელშეკრულებაში მიუღებელი პირობების შესაცვლელად ან ამოსაღებად ბრძოლა. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ბანკი დაინტერესებულია, ფული გაასესხოს და პოტენციური კლიენტის დაკარგვა არც მას აწყობს", - ამბობს მარიკა არევიძე.