logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის დაფინანსებული ოთხი კაცი იყო მოსული რეალურად თსუ-ში. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი ელენე ხოშტარიასთან ერთად
- +

19 ივნისი. 2023. 13:56

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა აქციას გამოეხმაურა, რომლებიც თსუ-ს ლექტორობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას თან არაფორმალური დაცვა ახლდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები იქ [თსუ-ში] არ ყოფილან. რაც შეეხება ჩემს პირად დაცვას, სულ ორ ადამიანზეა საუბარი. სხვა ადამიანები, ვინც იქ იყვნენ, არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც რამდენიმე „გირჩელი“ გააძევეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან. შეიძლება იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ სტუდენტებიც იყვნენ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ზოგადად, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არის სწორედ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენი პარტია, რომელიც აერთიანებს 42 ათას წევრს. საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 100-კაციანი სტაფით, ISFED და ა.შ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება. ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში არის ჩვენი პარტია. სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებს აქვთ უფლება დაუპირისპირდნენ იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომელსაც გეგმავს ტელეკომპანია „ფორმულა“, კეზერაშვილი. კეზერაშვილის დაფინანსებული ოთხი კაცი იყო მოსული რეალურად თსუ-ში. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი ელენე ხოშტარიასთან ერთად, პირდაპირ მან დააორგანიზა და დააფინანსა, პატარა ჰონორარები გადაიხადა იმ ე.წ. პროტესტისთვის, რომელიც განახორციელეს. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება ოპოზიციას უსმენს და აქ ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კობახიძემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია ოპოზიციის შიგნიდან ჟონავს.

 

„არა, ჩვენი წყაროები გვაქვს. იმდენად მორღვეულია ოპოზიცია, რომ შიგნიდან გამოდის [ინფორმაცია]. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ სად შეიკრიბნენ, როგორ დაგეგმეს ეს ყველაფერი, რამდენი დაუჯდათ და ა.შ. ეს ყველაფერი ჟონავს მარტივად. იმ „გირჩელებიდანაც“ ბევრს არ სიამოვნებს ის პროცესები, რაშიც არის ჩართული. ბევრმა დაინახა, რომ ხშირად ატყუებენ, არასწორ პროცესებში ჰყავთ ჩართული და ა.შ.“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner