„საქართველოში, სადაც თურმე „დემოკრატიის უკუსვლაა“, როგორც ამას ის ძალები ამბობენ, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებს ტაშს უკრავენ, აბსურდამდეც კი მივდივართ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ პოლიტიკაში შემოსვლაზე ფსონი კეთდება.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციის ისე განხილვა, როგორც აბსურდის თეატრის, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება.
„მინდა ექსკლუზივი ვაცნობო ჩვენს მაყურებელს - რამდენიმე საათის წინ სტატუსმინიჭებულ მოლდოვაში, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს ძალიან ბევრი პარამეტრით უსწრებს, მათ შორის, პოლიტიკურ კულტურაში, დემოკრატიის აყვავებასა და სხვა საკითხებში, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: საკონსტიტუციო სასამართლომ კანონგარეშედ გამოაცხადა სიდიდით მეორე და ოპოზიციურ სპექტრში პირველი პარტია "შორი". ანუ, შემიძლია სტატუს მინიჭებულ მოლდოვას დემოკრატიის დინამიკური განვითარების გზაზე ეს დიდი „გამარჯვება“ მივულოცო, იმიტომ, რომ უკრაინის მსგავსად, ოპოზიციური მუხტი და სულისკვეთება აკრძალეს.
საქართველოში კი, სადაც თურმე „დემოკრატიის უკუსვლაა“, როგორც ამას ის ძალები ამბობენ, რომლებიც უკრაინასა და მოლდავეთში მიმდინარე პროცესებს ტაშს უკრავენ, აბსურდამდეც კი მივდივართ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლაზე ფსონი კეთდება: ზოგიერთი სააკაშვილს, როგორც პრემიერ-მინისტრობის მომავალ კანდიდატს, ასეც კი განიხილავს. ამ მხრივ საუბარი მიდის უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეზე - დავით არახამიაზე, რომელსაც თურმე ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა ჩააბარონ და ეს ადამიანი ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოიაზრება და ა.შ. ანუ, ის ძალები, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატიის ფეხქვეშ აღვირახსნილად გათელვას მიესალმებიან, საქართველოში ქართულ საზოგადოებას აქეზებენ, რომ ნორმალურად მივიღოთ ეს აბსურდული წინადადებები, რომლებიც მათივე კარნახით მოდის ჩვენამდე.
თუ აბსურდია, ბოლომდე აბსურდი იყოს - სააკაშვილს უკრაინის ელჩის იმ ვაკანტურ თანამდებობას მივანიჭებდი, მით უმეტეს, რომ ის მაინც აქ უნდა იყოს გარკვეული პერიოდი; მშვენიერი, უფასო ოფისი აქვს სახელმწიფოს ხარჯზე და მიღების საათების რაოდენობასაც შეუზღუდავად იყენებს - 1600-ს გადააჭარბა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელთაც მომაკვდავი ექს-პრეზიდენტი თავის VIP პალატაში მოინახულეს. ამიტომ, სჯობს ამაზე იფიქრონ უკრაინამ და აშშ-მა.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პრეზიდენტის სიურპრიზებისადმი მიდრეკილება, რომელმაც ერთსაც - სააკაშვილსაც და მეორესაც - არახამიასაც, შესაძლოა, გაუგონარი ლოგიკით, როგორც განსაკუთრებულ გამონაკლისებს, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. ამ შემთხვევაში აბსურდის თეატრის მორიგ ეტაპზე გადავალთ, რომლისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.