“რასაკვირველია, უარყოფითი მუხტი მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ისეთი ფიგურების გამოჩენამ, როგორიც იყო კეზერაშვილი, მერაბიშვილი. ახლა როდესაც, ამ ყველაფრის უკან მთელი სიცხადით გამოჩნდება სააკაშვილი, ბევრ ადამიანში გაიღვიძებს იმ წარსულის მოგონება, რასთანაც სააკაშვილის მმართველობაა დაკავშირებული”, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა ბოლო პერიოდში საზოგადოების ერთ ნაწილში, კერძოდ, ახალგაზრდებში, გააჩინეს განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები თითქოს, დავიწყებას ეძლეოდა.
„ჰქონდათ მცდელობა, რომ ეთქვათ, გამოვსწორდით, ვისწავლეთ შეცდომებზე, გაკვეთილები კარგად ვიმეცადინეთ და თითქოს, ახლა რაღაც სხვა პათოსი და განწყობა ჰქონდათ. გახსოვთ, ალბათ, ამ თვალსაზრისით ნიკანორ მელიას, ხაბეიშვილის მცდელობები, თუმცა, რასაკვირველია, უარყოფითი მუხტი მოიტანა ამ პარტიის ირგვლივ ისეთი ფიგურების გამოჩენამ, როგორიც იყო კეზერაშვილი, მერაბიშვილი. ახლა როდესაც, ამ ყველაფრის უკან მთელი სიცხადით გამოჩნდება სააკაშვილი, ბევრ ადამიანში გაიღვიძებს იმ წარსულის მოგონება, რასთანაც სააკაშვილის მმართველობაა დაკავშირებული; იმის მიმართ, რაშიც ქართველმა ამომრჩეველმა თავისი პოზიცია 2012 წელს მკაფიოდ გამოხატა. ძალიან მეეჭვება, რომ იმ პოზიციას, რომელიც 2012 წელს მოქალაქეებში ჰქონდათ, რაიმე იოლად შეცვლის. არ მგონია, ასეთი ბევრი მოიძებნებოდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.