logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ნიკა გვარამიამ და ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ
- +

20 ივნისი. 2023. 14:57

 

 

ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ნიკა გვარამიამ და ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, გვარამიამ იცოდა, რომ მას გადასაცემი ექნებოდა „რუსთავი 2“ კანონიერი მფლობელისთვის, ისარგებლა 2 წლიანი შეჩერების პერიოდით და სწორედ ამ 2 წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია 7 მილიონი ლარით.

 

სხვათა შორის, თავის დროზე იგივე ადამიანები იყვნენ ჩართული კამპანიაში, რომელმაც გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. გახსოვთ, მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაშინდელმა პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, „ენჯეოებმა“ და ასე შემდეგ, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დაახლოებით ორი წლით ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. რეალურად, ის თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გადასაცემი ჰქონდა მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად გაჰყვებოდა იმ საქმეს, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. რეალურად, უზენაესმა სასამართლომ თავის დროზე დაადგინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ კანონიერ მფლობელს წაართვეს „რუსთავი 2“ და რა თქმა უნდა, იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. გვარამიამ იცოდა, რომ მას კანონიერი მფლობელისთვის გადასაცემი ექნებოდა „რუსთავი 2“, ისარგებლა ორწლიანი შეჩერების პერიოდით. სწორედ ამიტომ, ორ წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია შვიდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ამ დანაშაულზე გვარამიასთან ერთად, პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღესაც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირი ფორმით საუბრობენ.

 

გავიმეორებ, თავის დროზე უზენაესი სასამართლოს მიერ იყო გამოტანილი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. გვარამიას, სააკაშვილს „რუსთავი 2“ უნდა გადაეცათ კანონიერი მფლობელისთვის. მაშინდელმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, „ენჯეოებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა უცხოელმა პატრონებმა მიმართეს სტრასბურგს, შეჩერებულიყო ამისი აღსრულება. პოლიტიკური კამპანიის შედეგად, სტრასბურგს მოუწია ამ ყველაფრის გათვალისწინება და შეაჩერა აღსრულება. რა თქმა უნდა, ორი წლის თავზე დაყვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ორ წლით იყო შეჩერებული აღსრულება, მათ შორის იმ კამპანიით. ამიტომ ისინიც არიან პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შვიდი მილიონი ლარით გაძარცვის გამო. მათაც ეკუთვნით წილი პასუხისმგებლობა ამ საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner