ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას დღეს უყრიან კენჭს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.
"კენჭისყრის შედეგებზე პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, თუმცა მსურს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღვნიშნო, რომ ამ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში დადებითი დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გქვონდა ქართულ დელეგაციასთან. აქედან გამომდინარე, ველოდები კენჭისყრის პოზიტიურ შედეგებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია", -განაცხადა გასულ კვირაში LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, კლოდ მორაესმა "მოამბესთან" საუბრისას.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კენჭისყრა თბილისის დროით 20.00 საათისთვის არის ჩანიშნული.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალზიაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, საკითხს პლენარულ სესიაზე გაიტანენ.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს სავარაუდოდ ოქტომბერში უყრიან კენჭს.
ამასთან, LIBE-ს კომიტეტში დღეს კოსოვოს ვიზალიბერალიზაცის საკითხსაც უყრიან კენჭს.