"ჩვენ მოვიქეცით სწორად, როდესაც „ხალხის ძალა“ შევქმენით, რადგან საქართველოში თუ ხალხს არ აქვს სწორი ინფორმაცია, ძალიან მარტივია, რომ უცხოურმა ძალებმა გამოიყენონ ეს არაინფორმირებული საზოგადოება. ამის არაერთი მაგალითი არსებობს, "- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს და მარტივად არ მოექცეს სხვა ძალების გავლენის ქვეშ.
„მმართველი ძალა ისეთ განცხადებებს ვერ გააკეთებდა, როგორსაც „ხალხის ძალა“ აკეთებს. ეს იყო მათი პოზიცია, რომელიც დღემდე უცვლელია. მათ უწევთ დიპლომატიური ურთიერთობა გარკვეულ ხალხთან. შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ მოვიქეცით სწორად, რადგან საქართველოში თუ ხალხს არ აქვს სწორი ინფორმაცია, ძალიან მარტივია, რომ უცხოურმა ძალებმა გამოიყენონ ეს არაინფორმირებული საზოგადოება. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. თუნდაც სულ ახლახან, 3 თვის წინ, იყო ეს ძალიან მარტივი მაგალითი, როდესაც ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, შემდეგ დააინიცირეს ევროპარლამენტსა და კანადაში და გვისაყვედურეს, ისედაც გამჭვირვალეა ენჯეოს ფინანსური ურთიერთობები და რატომ აკეთებთ ამასო. მაგრამ გამოვიდა, რომ არ ყოფილა გამჭვირვალე, არც ერთმა ენჯეომ არ გამოაქვეყნა ის, რასაც სთხოვდნენ მოქალაქეები და მედია საშუალებები. ამიტომ იყო და არის აუცილებელი „ხალხის ძალის“ არსებობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.
კარგად იცით, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან ბევრი გამოწვევა. პირველ რიგში, ეს სამწუხარო ომი უკრაინაში და ამის გარდა ვიცით, რომ მსოფლიო დღის წესრიგი კი არ იცვლება, უკვე შეიცვალა, უბრალოდ ახალი არ არსებობს და ამის გამო მიდის პოლიტიკური ბრძოლა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.