ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მონაწილეობა უკრაინისათვის ჭურვების მიწოდების ევროკავშირის ინიციატივაში შეცდომა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
რუმენ რადევმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ესკალაციის მდგომარეობაშია და „უზარმაზარ რისკებს შეიცავს“.
„მე ბულგარეთშიც და ბრიუსელშიც ვამტკიცებდი, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს იარაღის მიწოდებით უკრაინის ომში. ეს არ არის ამ კონფლიქტის დასრულების გზა“, - დასძინა რადევმა.
უკრაინაში ჭურვების გაგზავნის საკითხმა გამოიწვია დავა რადევსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვს შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ ბულგარეთმა პატივი უნდა სცეს თავის ვალდებულებებს.