ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო "საგზაო უსაფრთხოების 2024-25 წლების სამოქმედო გეგმის" განხილვაში, რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) "Sustainable Mobility and Smart Connectivity in Central Asia, the Caucasus, and Western Balkans" პროექტის ფარგლებში გაიმართა.
განხილვაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პროფილური საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმით განხორციელებული აქტივობების გავლენაზე საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევების შემცირების დინამიკაზე. მისი თქმით, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის. ასევე შემუშავდა მისი შესაბამისი სამოქმედო გეგმები. 2016-2020 წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა შემცირდა 28%-ით.
„ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვმა უკვე 1,650 მილიონს მიაღწია. აღნიშნული ტენდენცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც დამატებით ღონისძიებებს მოითხოვს. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა UNECE - ს საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების დონის მნიშვნელოვან ამაღლებაში და ზემოაღნიშნული სტატისტიკის შემდგომ გაუმჯობესებაში.
მინისტრის მოადგილის თქმით, სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და მისი სამუშაო ჯგუფი, რომელთა წევრებიც საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის მიზანია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე შემთხვევების რაოდენობის 25%-ით შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტურობის გაზრდა; საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის გაუმჯობესება; უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა; ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება და სხვ.