ჭიათურაში, მაღაროელების პროტესტის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მან პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა.
მაღაროელთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20 პროცენტით ზრდაა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, კომპანიის ზარალი 32 მლნ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაღაროელებს, რომლებიც ე.წ. ვახტურ ნაწილში მუშაობენ, ხელფასი 3 ათასზე მეტი აქვთ, ხოლო არავახტურ ნაწილში დასაქმებულებს - 2300-ზე მეტი. გარდა ამისა, ჰოლდინგში დასაქმებულებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი, აქვთ დაზღვევის პაკეტი, უფასო კვება, მრავლშვილიანი ოჯახები იღებენ სოციალურ დანამატებს, სადღესასწაულო დღეებში გაიცემა პრემიები, წლის ბოლოს კი - მეცამეტე ხელფასი.
კომპანიის დირექტორის თქმით, გაჩერებულ საწარმოში მომუშავე თანამშრომლები ხელფასის 60 პროცენტს იღებენ, რაც, დაახლოებით, ვახტურ ნაწილში დასაქმებულთათვის 1500 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება, უშუალოდ იმ პირს, რომელმაც თვალები ამოიკერა, სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაღაროელის ხელფასი, რომელმაც უკიდურეს ფორმას მიმართა, რამდენიმე ათასზე მეტი იყო. "პრაიმ ტაიმმის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაღაროელის დარიცხული ხელფასი, რომელმაც პროტესტის ამგვარ ფორმას მიმართა, 2022 წელს სამი ათასზე მეტი იყო.
"პრაიმ ტაიმმა", ასევე, მოიპოვა ინფორმაცია, ჭიათურის ვახტებზე მომუშავე მაღაროელების საშუალო ანაზღაურების შესახებ 2020- 2022 წელს:
ამფეთქებელი - 2800-ზე მეტი;
გვირაბგამყვანი - 3300-ზე მეტი;
ელექტრიკოსი - 3200-ზე მეტი;
მებიგე - 3200-ზე მეტი;
მიწისქვეშა მტვირთავი მანქანის მემანქანე -3500-ზე მეტი;
მტვირთავი მანქანის მემანქანე - 3400-ზე მეტი;
რკინიგზელი - 1000-ზე მეტი;
დამხმარე მიწისქვეშა მტვირთავის მემანქანე - 3000-ზე მეტი;
გვირაბგამყვანის დამხმარე - 2800-ზე მეტი;
სამთო ოსტატი - 3600-ზე მეტი;
დამხმარე მიწისქვეშა მტვირთავის მემანქანე - 2900-ზე მეტი;
ელმავლის მემანქანე - 2400-ზე მეტი.
"ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი წასიძემ, დაგვიდასტურა, რომ ჰოლდინგში დასაქმებულთა ხელფასები ზემოთ ჩამოთვლილი რაოდენობის ტოლია, კონკრეტულად, თითოეული დასაქმებულის ხელფასის გამჟღავნებაზე კი უარი განგვიცხადა.
ცნობისთვის, ჭიათურაში დაწყებული პროტესტის გამო, მაღაროები გაჩერებულია.
გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.