ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) თავმჯდომარე კლოდ მოარესმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე LIBE-ს კომიტეტში კენჭისყრა გაიმართება.
„ანგარიშის ავტორი გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელია. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში პოზიტიური დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან. ველოდები პოზიტიურ შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი სახელმწიფო ტრადიციულად დააყენებს საკითხებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე კომიტეტში კენჭისყრა ემთხვევა დროს, როდესაც ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოში მყოფ სახელმწიფოებთან. ეს არ არის ცალმხრივი გზა, პასუხისმგებლობას ორივე მხარე იღებს", - განაცხადა კლაუდე მოარესმა.