logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: კვლევაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილზე ორჯერ მეტი შედეგი დაუწერეს „ხალხის ძალას“ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაწერილი შედეგის მჯერა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში უკვე ხედავენ ანგარიშგასაწევ ძალას
- +

22 ივნისი. 2023. 00:53

 

 

კვლევებში ჩართეს „ხალხის ძალის“ სარეიტინგო მაჩვენებელი და აღარ იცოდნენ, რა დაეწერათ. მიუხედავად ამისა, შურისძიების ელემენტი მაინც ჩადეს: ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პოლიტიკურ წყვილზე, რომელიც უპირისპირდება კეზერაშვილს და ფაქტობრივად ყოველდღიურად აგინებს მას, ორჯერ მეტი შედეგი დაუწერეს „ხალხის ძალას“. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში უკვე ხედავენ ანგარიშგასაწევ ძალას, რომლის მიმართაც გარკვეული შიშიც კი გააჩნიათ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციის საქციელში იკვეთება, რომ „ხალხის ძალაში“ ხედავს ანგარიშგასაწევ ძალას მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოება პარტიადაც კი არ არის დარეგისტრირებული, ეს კი ძალიან კარგია.

დავიწყოთ „ედისონ რისერჩით“, რომელზეც ვერავინ დამარწმუნებს კონკრეტული მაგალითებით, რომ მისი რომელიღაც სოციალური გამოკითხვა საქართველოსთან მიმართებით, მით უმეტეს, პოლიტიკურ საკითხებში, ან როდის დაგვირგვინდა ჭეშმარიტებით, ან მიახლოებული მაინც იყო იმ სიმართლესთან, რა შედეგებიც გამოიღო ამა თუ იმ არჩევნებმა. მე ასეთი ფაქტი არ მახსოვს. საოცრად სასაცილო და გაშარჟებული შედეგები დადეს ზოგიერთ პარტიასთან მიმართებით. პარტიებს, რომლებიც არავის ახსოვს, რომელთა შემადგენლობის 5 წევრსაც ვერ დაგვისახელებს ვერავინ, დაუწერეს 5%-იანი რეიტინგები. ეს სასაცილო კი არა, სატირალია უბრალოდ. ყველაზე შემაშფოთებელი ჩემთვის არის ის, თუ ვისი დაკვეთითა და ფინანსებით კეთდება ეს შეკვეთები „ფორმულას“ მხრიდან „ედისონ რისერჩისთვის“. ეს არის ადამიანი, რომლის მიმართ საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც დაუსწრებლად მისჯილი აქვს სასჯელი და რომლის შესახებაც მსოფლიოში ძალიან ავტორიტეტული გამოცემები ატარებენ ჟურნალისტურ გამოძიებას იმ დანაშაულზე, რომელიც ევროპის მასშტაბით აქვს ჩადენილი. გასაგებია, საქართველოს იურისდიქციაში მისი გადმოყვანა არ აწყობთ, რადგან მათი აგენტია. მესმის, რომ თავად ჯეროვნად ატარებენ ისეთ სისხლის სამართლის გამოძიებას, რომელიც საჭიროა იმ ტიპის დანაშაულისთვის, რომელშიც მათივე წყაროების მხრიდან მხილებულია ეს ადამიანი, მაგრამ და როდესაც მისთვის სანქციების დაწესების საკითხი თეორიულადაც არ განიხილება, ამ დროს კი არაოფიციალური სანქციების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ მოყოლილი და ერთი რეზოლუცია მთლიანად ამ ადამიანისთვის სანქციების დაწესებას მიუძღვნეს, ის მაინც გააკეთონ, რომ დასავლურ ორგანიზაციას, „ედისონ რისერჩს“, არ ააღებინონ კეზერაშვილის სისხლიანი თანხა, რადგან ეს არის დასავლური რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი. მაგრამ ამაზეც არ მიდიან, თანაც ქართულ საზოგადოებას აბსოლუტურ დეზინფორმაციას სთავაზობენ და ჰგონიათ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს „შევჭამთ“.

რას ნიშნავს ის, რომ პარტიული რეიტინგების კვლევაში შეიყვანეს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც არ არის დარეგისტრირებული პარტიად? ჩვენ პარტიად არ ვართ დარეგისტრირებულნი არა იმიტომ, რომ ეს პროცესი რთულია - საქართველოში პარტიად დარეგისტრირების პროცესი არის ყველაზე სწრაფი, გამჭვირვალე და იაფი მთელს მსოფლიოში. 250-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული საქართველოში და რომ გვნდომებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, აუცილებლად გადავდგამდით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პარტიას არ წარმოვადგენთ, ჩვენმა საზოგადოებად ჩამოყალიბებიდან 9-10 თვის მანძილზე ისეთი თამასა ავწიეთ ურთიერთობის შიდაპოლიტიკურ ველზე, რომ ამან უყურადღებოდ და შეუმჩნევლად არ ჩაიარა, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის. შიშს ძალიან დიდი თვალები აქვს, მაგრამ შიში იმდენად დიდი არ უნდა იყოს, რომ ბუდეებიდან გადმოგივარდეს თვალები. არ იცოდნენ რა ექნათ, ჩართეს კვლევებში „ხალხის ძალის“ სარეიტინგო მაჩვენებელი და აღარ იცოდნენ, რა დაეწერათ. ძალიან ცოტა დაეწერათ - ხალხი არ დაუჯერებდა, ძალიან ბევრი დაეწერათ და აღარ იცოდნენ, ვინ გაენაწყენებინათ. მიუხედავად ამისა, შურისძიების ელემენტი მაინც ჩადეს: ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პოლიტიკურ წყვილზე, რომელიც უპირისპირდება კეზერაშვილს და ფაქტობრივად ყოველდღიურად აგინებს მას, ორჯერ მეტი შედეგი დაუწერეს „ხალხის ძალას“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაწერილი შედეგის მჯერა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში ისინი უკვე ხედავენ იმ ანგარიშგასაწევ ძალას, რომლის მიმართაც გარკვეული შიშიც კი გააჩნიათ და მე ამას მივესალმები!“ - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner