ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კანონპროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმის ხარვეზების აღმოფხვრას და არსებული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას.
მისივე განმარტებით, ცვლილებით ფინანსურ ინსტიტუტებსა და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სანქცირებული ქონების აღმოჩენისას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება დაუწესდებათ. სამთავრობო კომისიას ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების გათვალისწინების ვალდებულება დაეკისრება.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.