„ჯორჯიან მანგანეზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მზად არიან თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, -აცხადებენ კომპანიაში.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეზე მეტია გრძელდება. ისინი ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.