ფეხბურთში ანჩელოტიზე საინტერესო მოსაუბრე რომ ცოტაა, ამაში „მარკასთან" ახალი ინტერვიუთიც ვრწმუნდებით:
„პირველი გამოტოვებული სეზონი კარიერაში? - ფეხბურთი მე ძალიან მომწონს. დავბრუნდი ძალიან კარგ კლუბში, კმაყოფილი ვარ ამით და თან გამარჯვებებით დავიწყეთ. „აკადემიურმა წელმა" მოდუნებაში ძალიან შემიწყო ხელი, კანადაში კარგად ვიცხოვრე"
„20-წლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ დასვენებისთვის დამდგარიყო მომენტი. ამის გარდა მე ოპერაცია გავიკეთე და მშვიდად 2 ან 3 თვე უნდა ვყოფილიყავი. ვეძებდი მომენტს და ეგ იყო. მქონდა შესაძლებლობა, „მილანში" დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვფიქრობ, დაბრუნებისთვის შესაფერისი დრო არ ყოფილა"
„რეალში" დარჩენის შანსი თუ მქონდა? - არა, რა თქმა უნდა არა. ნათელია, რომ არა. მადრიდში დავასრულე და მივხვდი, რომ დასვენების დრო დამდგარიყო".
„გამოცდილება მეუბნება, რომ ყოველი მწვრთნელი ვინც თავით ამაყობს, თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც „რეალში" უნდა მივიდეს. ეს ყველაზე დიდი რამაა მსოფლიოში. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, თითქმის უნიკალური. არსად სხვაგან ისეთი არ ხდება, რაც „რეალში". გასაოცარი გულშემატივარი, რომელიც მთელი სამყაროდან უჭერს მხარს. გულშემატკივრები ყველგან გელოდებიან და შეიძლება ნებისმიერ ადგილას გამოჩნდნენ. უნიკალური გამოცდილებაა და ღირდა ამად, თუნდაც მოგხსნან" (იცინის).
„რატომ გამიშვეს? - როცა დავინიშნე, გულში უკვე მივიღე, რომ დასასრულიც დადგებოდა. ძალიან ინტენსიური და ლამაზი 2 წელი მქონდა".
„რა სხვაობაა სხვა კლუბებთან შედარებით? - ისტორია, ტრადიციები, გულშემატკივარი... მთელი სამყაროდან „რეალის" მიმართ უპირობო სიყვარული სუფევს".
„რასაც იქ გადაიტან, „მადრიდისტად" გაქცევს. რა თქმა უნდა მე „მადრიდისტა" ვარ. „რეალის" მიმართ ისეთივე დიდი სითბო მაქვს, როგორიც „მილანთან" მიმართებაში. მიყვარს „პსჟ"-ც და „ჩელსიც". მე „მადრიდისტა" ვარ".
„დესიმა" ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოსაგონარია. იმავე სიმაღლეზეა, როგორც ამ ტურნირზე ჩემი პირველი ტრიუმფი „მილანში". ორივე თანაბრად ღირებულია. ორივესთვის ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩემს კაბინეტს „დესიმას" სურათი ამშვენებს".
„ფეხბურთელებთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა? - პატივისცემა მთავარია. ჩემი პატივისცემა მათ მიმართ, მათი პატივისცემა ჩემთან და იმათთან, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს. როცა ამას შეიგნებ, კარგი ურთიერთობა პრობლემა აღარაა. მეგობრობა შემდეგ მოდის, როცა მათთან მუშაობას დაასრულებ. ახლა ნამდვილად შემიძლია თქმა, რომ კრიშტიანუსა თუ სხვების მეგობარი ვარ. ძალიან დიდი სითბო მაქვს იმ ჯგუფის, „რეალში" რომ მყავდა. მათთან მუშაობისას თავს კარგად ვგრძნობდი".
„გეთანხმებით, მეორე მადრიდულ სეზონში გამიჭირდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შევცვალეთ: დი მარია. მოვიდნენ კროოსი და ხამესი, მათ საქმე ძალიან კარგად შეასრულეს. მეორე სეზონში უფრო სოლიდური გუნდი გვყავდა, გადამწყვეტი კი ტრავმები გამოდგა: ძირითადის 5 ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგალითად „ატლეტიკოსთან". საბოლოო ჯამში ყველა კლუბი თავისუფალია, თავისი არჩევანი გააკეთოს და „რეალმა" ჩემი გაშვება გადაწყვიტა, რასაც პატივისცემით ვეკიდები. ჩემი წასვლა არ შეცვლის იმას, თუ რას ვფიქრობ იმ 2 წელზე. „პსჟ"-დან ჩემი წასვლა სხვანაირი იყო, რადგან იქიდან წასვლა თავად მოვისურვე".
„იდეალური პერიოდი კლუბში ყოფნისთვის? - ძალიან შეზღუდული ვადაა, ვფიქრობ, იდეალური დრო 2 სეზონია. მომეწონებოდა, მეტი იყოს, მაგრამ გრანდში ყველაფრის მოგებას ითხოვენ და ეს ყოველთვის შესაძლებელი ვერ იქნება. ასეთ კლუბებში წნეხი ნორმალურია, მისგან სიამოვნებასაც ვიღებ. ყოველი დღე განსხვავდება გასულისგან. დაძაბულად ყოფნისთვისაც კი არ გაქვს დრო, მაგრამ ამის გარეშე ყველაფერი მოსაწყენი იქნებოდა".
„როგორია „ბავარია"? - დიადი კლუბი, დიდი ისტორიით, კარგად ორგანიზებული და პრეზიდენტით, რომელიც ადრე ფეხბურთელი იყო. გუნდის ღერძი აშკარად ნათელია: ნოიერი, ლამი, მიულერი... ფეხბურთელები, რომლებიც იცნობენ კლუბს და სხვები, რომელნიც თავად აღზარდეს. შემადგენლობას ერთად დიდი ხანი აქვს გატარებული".
„გვარდიოლას დანატოვარი? - ბურთის ფლობისას გუნდს გასაოცარი ხარისხი აქვს და რგოლებს შორის ურთიერთკავშირისას ასევე. როცა უბურთოდ არიან, ძალიან აგრესიულნი ხდებიან. როცა მოვედი, ვთქვი, რომ რევოლუციას არ ვაპირებ, რადგან ამის საჭიროება არ არის. ფეხბურთელები ძალიან კონკურენტუნარიანნი არიან და მხოლოდ რაღაც ცოტა მეტზე უნდა ვიფიქროთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას რომ დავადგათ თავი".
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ზედიზედ 4 „ბუნდესლიგა", ჩემპიონთა ლიგისთვის კი სულ მცირედით, ოდნავ მეტია საჭირო. მე პერსონალური ამბიცია არ მამოძრავებს, მხოლოდ ახალი გამოცდილების მიღება მინდა განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც რთული ენა აქვთ. მაქსიმალურად ვიმუშავებ იმისთვის, რომ „ბავარიამ" ყველაფერი მოიგოს. „ბუნდესლიგა" აუცილებელია, სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ, საქმე კარგად ვაკეთოთ და მოვიგოთ".
„გუნდმა ზედიზედ 3 ნახევარფინალი ითამაშა და უნდა შევეცადოთ, რომ ამ ეტაპს უკეთესად შევხვდეთ. სამუშაო დაგეგმვადია და ცდილობ, გადამწყვეტ პერიოდებში ტრავმებისგან არ დაზარალდე, თუმცა ამის გაკონტროლება შეუძლებელიც არის".
„ფავორიტი? - არის 7 გუნდი: 3 ესპანური, „იუვე", „სიტი", „პსჟ" და „ბავარია". შეგვიძლია ნებისმიერთან ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ კიდეც".
„ლა ლიგაში" ფავორიტი „რეალია". ეს გუნდი ყოველთვის კონკურენტუნარიანია. 4 წელია არ მოუგიათ და მოტივაცია მეტი იქნება. ცოტა ტრანსფერი? - დაბრუნდა მორატა (თავად ესპანელმა განაცხადა, რომ კარლოსს ის დიდად არ ეპიტნავებოდა - ავტ.) და გაძლიერება ასენსიოთიც ძალიან საინტერესოდ მოჩანს. ვფიქრობ მიზნები შეიცვლება, მინდა „რეალი" უფრო ჩემპიონატზე კონცენტრირდეს, ჩემპიონთა ლიგა კი ცოტათი გვერდზე გადადოს და ასე „ბავარიას" მეტი შანსები ექნება" (იცინის).
„კრიშტიანუ იმდენივეს გაიტანს, რამდენიც ბოლო სეზონებში გაჰქონდა. ტრავმა კარგი არაა, მაგრამ ხელი შეუწყო, რადგან კარგად მოემზადა და ეს პიკზე გასვლას განაპირობებს. მას ლიმიტები არ გააჩნია, რადგან თავად არც ვარჯიშებზე უდგენს, არც აღდგენებისას".
„როცა ვუთხარი, ერთ-ერთი მატჩს არ ითამაშებდა - მიპასუხა, რომ ცხრის ნახევრამდე დაისვენა და თამაშისთვის კარგად იქნებოდა. კრიშტიანუს დაღლილს ვერასდროს ნახავ. იცის, რომ ადგენითი სამუშაოები ვარჯიშებივით მნიშვნელოვანია. დღევანდელ ფეხბურთში აღდგენები თითქმის ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც ვარჯიში. დასვენება, კარგად ძილი, უკეთესად ჭამა. დღეს ძალიან ბევრი ვარჯიში არ შეიძლება. ერთხელ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ მითხრა რამოსმა: „ესპანეთში ამბობენ, რომ ზედმეტი წყალი ნარგავს კლავს". ფრთხილად უნდა იყო, ვარჯიშებზე ფეხბურთელები არ უნდა დახოცო, რადგან ამისთვის თამაშები არსებობს. ახლა 60 მატჩს ატარებ, 2-ჯერ მეტს ვიდრე ადრე. ფეხბურთელები ამასთან შეჩვეულნი არ არიან. აღარ არსებობს მოსამზადებელი პერიოდი და მზადების პროცესს ოფიციალური თამაშებისას გადიხარ".
„კრისტიანო თუ მესი? - მითქვამს, რომ კრისტიანო საუკეთესო მათგან ვინც გამიწვრთნია, მაგრამ ადამიანო, მესისთან მე არ მიმუშავია. მათგან ამორჩევა არ შეიძლება. ერთ წელს კრისტიანოა უკეთესი, მომდევნოზე მესი. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ეს კი ხელს მათაც უწყობს და ფეხბურთსააც. საუკეთესონი არიან და იდეალური „იმიჯის" მქონენი. მათი დარი ოსტატობა სხვებსაც გააჩნდათ, მაგრამ არა „იმიჯი". ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან"
„რატომ ავირჩიე გერმანია? - წრე შევკარი: იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი და გერმანია. იტალია? შეიძლება. მე იტალიელი ვარ, მაგრამ არა ნაკრებისთვის. უფრო ყოველდღიური სამუშაო მომწონს".
„რეალში" დაბრუნება? - ნათელია. არ არსებობს მოტივი, ასე რომ არ მოხდეს. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, მადლობა კლუბს, რომ მიმიყვანეს და გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობა მიბოძეს. შემიძლია და ვიტყვი: გუნდს ამ პერიოდში სათავეში რომ ვედექი, ეს პრეზიდენტის დამსახურებაა".
წყარო - liga.ge