logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. საჯაროდაც ხედავდით, რომ იყო მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ, ესეც რა თქმა უნდა ზეწოლაა
- +

23 ივნისი. 2023. 12:13

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლის შედეგია.

 

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ზეწოლის შესახებ თავად პრეზიდენტიც საუბრობდა.

 

თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. საჯაროდაც ხედავდით, რომ იყო მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ, ესეც რა თქმა უნდა ზეწოლაა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი და აძლევ რჩევებს, რომელიც არავის ეკითხებოდა. რეაქციებითაც ვხედავთ ახლა ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ. ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რადგან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. თუ ეს [ნიკა გვარამიას ყოფნა საპატიმროში] იყო ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის საფუძველი, გამოდის, რომ ახლა ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ რამდენად შეცვლიან რადიკალურ დღის წესრიგს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კითხვაზე, რას ფიქრობს ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე, რომელიც პოზიტიურად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ არგუმენტის მიმართ, რომ ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციის გამო მიიღო პრეზიდენტმა, სკეპტიკურადაა განწყობილი.

 

„2020 წელს გიგი უგულავა შეიწყალა თუ არ ვცდები, შემდეგ ვნახეთ 2021 წელს შეწყალება, ახლა შეწყალება და ყოველ ჯერზე იყო ზეწოლა გარედან, მათ შორის შეწყალებასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე საუბარი იყო, რომ შეწყალების მიზანი არის დეპოლარიზაცია, სინამდვილეში ყოველ ჯერზე ამან მხოლოდ გააღრმავა პოლარიზაცია, ამიტომაც რა თქმა უნდა ამ არგუმენტის მიმართ სკეპტიკური ვარ და გამოდის, რომ ჩვენი პარტნიორებიც პასუხისმგებლობას იღებდნენ, ისინი, ვინც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს ამ ნაბიჯისკენ და მიაღწიეს ამ შედეგს, პასუხისმგებლობა მათაც აქვთ აღებული, რომ დეპოლარიზაცია მოხდება. დავაკვირდეთ ოპოზიცია რას იზამს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner