„სააკაშვილი არ შეცვლილა, ის ზუსტად ის სისხლით დასვრილი მიშაა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. დაცვის მხარის სტრატეგიის თანახმად, სააკაშვილი გარკვეული პერიოდი ავადმყოფობას იგონებდა. ექიმების, სახალხო დამცველის, ექსპერტების განცხადებები გახსოვთ? რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილის განკურნება შეუძლებელი იყო, მას ისეთი დაავადებები ჰქონდა, რომლის გაიდლაინიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გიულის, ხაჭაპურიძის, ჩალაძის და სხვების განცხადებები“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის უკან ის იდგა.
„სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ათობით ადამიანს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, რომლებმაც მარიონეტის როლი შეასრულეს და თქვეს ის, რაც დაავალეს. აქ კარგად ჩანს, რომ ძველი და ახალი მიშა არ არსებობს, ის ადამიანებს არაფრად მიიჩნევს, იყენებს და შემდეგ როგორც ნივთს, ისე აგდებს. გარდა პერსონალური რეპუტაციული ზიანისა, აგრესიული ტყუილზე აგებული კამპანიის დროს ზიანი მიადგა საქართველოს, ვრცელდებოდა ყალბი სიუჟეტები, მიშას შესახებ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმართებოდა დებატები, იღებდნენ რეზოლუციებს და ა.შ. მიშამ კი ყველაფერი წყალში ჩაყარა, დემენციისგან განიკურნა და დაადასტურა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის უკან ის იდგა. ახლახან ახალი სვლა მოიფიქრა, საქართველოს მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმი. მაგრამ დათქმით, რომ ჯანმრთელობაზე კითხვები არ იქნება. ხვდებით რა დონის აფიორასთან გვაქვს საქმე? 100%-ით უკრაინელს ქართულ პოლიტიკაში რა ესაქმება? აქვე საჯარო კითხვა სააკაშვილს, მისი გული უკრაინაში უნდა დაიკრძალოს თუ საქართველოში?“ - წერს ჩიხელიძე.