logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ხელში გვიჭირავს ევროკომისიის დასკვნა, სადაც ვართ პირველ ადგილზე ასოცირებული ტრიოდან და სადაც დანარჩენ ორს სტუდენტის სტატუსი მისცეს, ჩვენ კი საშემოდგომო გამოგვაყოლეს
- +

23 ივნისი. 2023. 18:55

 

 

„თუ დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩვენ გვერდით არის რუსეთთან დეოკუპაციის და რუსეთთან წინააღმდეგობაში, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს პოზიტიური იმიტომ, რომ რუსეთს გაუხარდება თუ ეწყინება, ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ? რა თქმა უნდა, ეწყინება და პირიქით, გაუხარდება, თუ ვერ მივიღებთ ამ სტატუსს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ჩააბარა გამოცდა, რაც ევროკომისიის დასკვნითაც დასტურდება.

 

„ევროკავშირში ელოდებიან იმას, რა მოცემულობა იქნება გადაწყვეტილების მიღების წინა პერიოდში. გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ამიტომაც ეს დასკვნები, რაც ამ გადაწყვეტილებამდე დაიდება, სულ მანიპულაციაზე აგებული იქნება. ეს სტატუსი საქართველოსთან მიმართებაში დამოკლეს მახვილივით იმიტომ არის დაკიდებული, რომ სულ ივაჭრონ - დაყვეს საქართველოს ხელისუფლება ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტარების და ა.შ. ნებას. საუბარია, იგივე, მეორე ფრონტზე, სააკაშვილის არასწორად გამოშვებაზე და ა.შ. მაგრამ დღეს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რეალობა უკვე სხვანაირია - ჩვენ პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში ვაბარებთ და უკვე ბოლოში ვართ გასული იმ საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც საგამოცდო ბილეთში უნდა იყოს შემოდგომაზე მოცემული. საგამოცდო კომისიის წევრებიც დღეს აღიარებენ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა და ეს ცოდნა. მეტიც, როდესაც დეკემბერში გამოცდაზე გავალთ, ხელში გვიჭირავს ევროკომისიის დასკვნა - მათივე ინსტიტუციის დასკვნა, სადაც ვართ პირველ ადგილზე ასოცირებული ტრიოდან და სადაც დანარჩენ ორს სტუდენტის სტატუსი მისცეს და ჩვენ საშემოდგომო გამოგვაყოლეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის მოცემულობა. ამიტომ, ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება. თუ დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩვენ გვერდით არის რუსეთთან დეოკუპაციის და რუსეთთან წინააღმდეგობაში, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს პოზიტიური იმიტომ, რომ რუსეთს გაუხარდება თუ ეწყინება, ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ?

 

რა თქმა უნდა, ეწყინება და პირიქით, გაუხარდება, თუ ვერ მივიღებთ ამ სტატუსს. თუ ვერც სამხედრო ინფრასტრუქტურით მეხმარები, ნატოში არ მიღებ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ვარ და ერთადერთი კანდიდატის სტატუსის მოცემის შესაძლებლობა გაქვს და ამაზეც მაწრუწუნებ, რა გამოდის? რით ვარ შენ მიერ დაცული? როდესაც ობიექტურად მეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამაზეც მეუბნები, რომ ან მომცენ, ან - არა. რომელია პრორუსული პოლიტიკა? ის, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, თუ რომ არ მოგვცენ? სწორედ კანდიდატის სტატუსის არ მოცემა არის პრორუსული პოლიტიკა. დღეს ვისაც არ უნდა კანდიდატის სტატუსი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და რუსეთი, ხოლო ვისაც უნდა ეს სტატუსი, არის საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ჯერი ჩვენს ხელისუფლებაზეა, ეს გაუგებარია, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩააბარა ეს გამოცდა, რაც აღიარა კიდეც ევროკავშირმა. ამიტომ ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირს აქვს მისაღები. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პროცესს ყველა ადევნებს თვალს, მათ შორის - რუსეთის ფედერაცია. ახლა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ რუსეთის საწინააღმდეგოდ, ეს უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner