logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: ვფიქრობ რაღაც სხვა ფაქტორი არსებობს, რაზეც პრეზიდენტს ღიად საუბარი შეიძლება ეუხერხულებოდეს
- +

23 ივნისი. 2023. 23:09

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძისთვის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია.

 

როგორც სარჯველაძემ „ქრონიკაში“ აღნიშნა, პრეზიდენტს შეიძლება ეუხერხულებოდეს, რომ ამაზე ღიად ისაუბროს.

 

„ჩანს აშკარად, რომ ბოლო ხანებში პრეზიდენტი ცდილობს მისი გადაწყვეტილებები რაღაცნაირად არ გააკრიტიკოს ოპოზიციამ. ეს არის თითქოს მთავარი მიმართულება, მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ხელმძღვანელობდეს პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ზეწოლამ, რასაც ჰქონდა ადგილი რა თქმა უნდა ბოლო ხანების განმავლობაში, განაპირობა ეს [ნიკა გვარამიას შეწყალება] გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყნის უცხოელი პარტნიორები, პოლიტიკოსები, რომლებიც სამწუხაროდ გულშემატკივრობენ ჩვენს ოპონენტებს, არიან დაინტერესებულნი გავლენა იქონიონ აქ [საქართველოში] მიმდინარე პროცესებზე. ეს ის ძალაა, რომელიც ცდილობდა თუნდაც სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოფილიყო აქტიური და გარკვეული ლობისტური საქმიანობა ეწარმოებინა. დიდია ალბათობა, რომ ამ გავლენამ იქონია მთავარი გადამწყვეტი ფაქტორის როლი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტს ხელთ ჰქონდა არგუმენტების დიდი სიმრავლე, რის გამოც თავდაპირველად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო [არ შეიწყალა], თუმცა მოგვიანებით გაუგებარი მიზეზებით, რადგან პრეზიდენტს ამაზე არ უსაუბრია, მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება იმისგან, რაც იყო მისი თავდაპირველი პოზიცია. რა შეიცვალა და რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ აუხსნელი დარჩება საზოგადოებისთვის. პრეზიდენტი უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს და რეპუტაციას და ეს იყო მართებული გადაწყვეტილება მისი მხრიდან, მიუხედავად ამისა რაღაც სხვა ფაქტორმა იქონია ალბათ გავლენა, თორემ ვერ იტყვის პრეზიდენტი იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია ახლა აღარ არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. ვფიქრობ რაღაც სხვა ფაქტორი არსებობს, რაზეც პრეზიდენტს შეიძლება ეუხერხულებოდეს რომ ამაზე ღიად ისაუბროს. ერთადერთი, რაც ითქვა გუშინ, იყო სინამდვილესთან შეუსაბამო, რომ თითქოს საკასაციო სასამართლომ რომ არ მიიღო გვარამიას საქმე განსახილველად, ეს იყო მიზეზი. საკასაციო სასამართლოში ეს განხილვის სტანდარტული პროცედურაა, როდესაც ხდება საქმის მიღება იმის მიხედვით, დასაშვებობის პირობებს აკმაყოფილებს თუ არა საკასაციო საჩივარი და საკმაოდ მოტივირებული გადაწყვეტილება გამოაქვს თვითონ სასამართლოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner