logo_geo
eng_logo
„ექსკურსიაზე” ერთი ადგილის ფასი $250 000 იყო - რა ვიცით ოკეანეში გამქრალ წყალქვეშა ნავზე
- +

24 ივნისი. 2023. 00:25

 

 

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხუთი ადამიანი, რომელიც ამერიკული კომპანია „OceanGate“-ის წყალქვეშა ნავ „ტიტანს” 1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად ატლანტიკის ოკეანეში ჩაჰყავდა, დაიღუპა. ტრაგიკული ფაქტი თავად „OceanGate“-მა დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა გახდა „ტიტანის“ აფეთქების მიზეზი. 18 ივნისს, წყალქვეშა ნავი „ტიტანიკის” ფრაგმენტებთან უკვე მესამედ ჩადიოდა.

 

ვინ იყვნენ „ტიტანის“ მგზავრები?

 

„ტიტანიკის” ფრაგმენტები ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის ნაპირთან, დაახლოებით, 4 ათასი მეტრის სიღრმეზეა. იქამდე „ტიტანი” 2 საათში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ექსპედიციის დაწყებიდან, დაახლოებით, საათნახევარში, აპარატთან კავშირი გაწყდა. ნავში ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 96 საათზე იყო გათვლილი.

 

5-წევრიანი ექსპედიციის „ექსკურსია“ 18 ივნისს დაიწყო. მგზავრებს შორის იყვნენ: „OceanGate“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში; 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე, რომლისთვისაც ეს „ტიტანიკთან” 36-ე ჩასვლა იყო; 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი 19 წლის შვილი სულემანი და 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი.

 

რა ვიცით „OceanGate“-ის წყალქვეშა ნავ „ტიტანის” შესახებ?

 

„OceanGate“ ამერიკული კერძო კომპანიაა, რომელიც წყალქვეშა გემებს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ტურიზმისა და კვლევებისთვის იყენებს. კომპანია 2009 წელს სტოკტონ რაშმა და გილერმო სონლეინმა დააფუძნეს. 2017 წელს კი, „OceanGate“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მაღალ სეგმენტზე გათვლილი წყალქვეშა ტურები მაღალშემოსავლიანი ბიზნესის საწინდარია, ამიტომ კომპანიამ საკუთარი წყალქვეშა ნავები „Cyclops 1“ და „Titan“ შექმნა.

 

„OceanGate“-მა „Titan“ სპეციალურად „ტიტანიკის” დასათვალიერებლად შექმნა და ტურისტებისთვის ატლანტის ოკეანის ფსკერზე ტურები დაიწყო.

 

„Titan“-მა ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავია, რომლის სიგრძე 6,7 მეტრია, სიგანე - 2,8 მეტრი, სიმაღლე - 2,5.

 

„OceanGate“-ის ნავმა „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილს წარმატებულად, პირველად, 2021 - წელს, შემდეგ კი - 2022 წელს მიაღწია.

 

„Titan“-ით ექსპედიცია 10 დღის მანძილზე გრძელდება, საიდანაც 8 დღე საზღვაო მოგზაურობაა. „ექსკურსია“ თითოეული მგზავრისათვის $250 000 ჯდება. 5-კაციან ექსპედიციაში 3 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი შედის.

 

ეჭვები „ტიტანის“ უსაფრთხოებაზე

 

უსაფრთხოა თუ არა „ტიტანი", ამის თაობაზე ეჭვები ჯერ კიდევ 2018 წელს, „OceanGate“-ის წყალქვეშა ოპერაციების დირექტორმა დევიდ ლოკრიჯმა გამოთქვა.

 

„New York Time“-ის თანახმად, ლოკრიჯმა წყალქვეშა ნავის უსაფრთხოების რამდენიმე რისკი, მათ შორის, ხომალდის კორპუსის ტესტირებასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარ ანგარიშში ასახა. გამოცემის მიხედვითვე, მას შემდეგ, რაც მან კომპანიის მმართველები მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილა, ის სამსახურიდან დაითხოვეს.

 

გარდა ამისა, „New York Time“-ის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში ამერიკის „საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოებამ“ „OceanGate“-ს წერილით მიმართა, სადაც საუბარი იყო პოტენციურ კატასტროფაზე, რომელიც კომპანიის „ექსპერიმენტულ“ მიდგომას შესაძლოა, გამოეწვია.

 

„OceanGate“-ის წარმომადგენლები ამ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

 

2022 წელს „ტიტანით“ CBS-ის რეპორტიორმა დეივიდ პოუგმა იმოგზაურა. როგორც ის ყვება, ტურის დაწყებამდე კომპანიამ მას ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყალქვეშა აპარატი „ექსპერიმენტულია“ და „არცერთი მარეგულირებელი ორგანოს მიერ აკრედიტირებული არ არის“.

 

პოუგის სიუჟეტიდან ჩანს, რომ „ტიტანს“ მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, საიდანაც „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დანახვაა შესაძლებელი. ცნობილია ისიც, რომ „ტიტანი“ შიგნიდან ვიდეოთამაშების კონტროლერით, მხოლოდ ერთი ღილაკის გამოყენებით იმართება, რაც, როგორც OceanGate-ის დამფუძნებელმა პოუგს განუცხადა, კომპანიის ჩანაფიქრი იყო - „მისი მართვა განსაკუთრებულ უნარებს არ უნდა მოითხოვდეს“.

 

„ტიტანს“ 2021 წლის მაისისთვის 50-ზე მეტი ტესტ-დაივი ჰქონდა გავლილი, თუმცა ხომალდი სერტიფიცირებული არ ყოფილა. როგორც კომპანიის ვებგვერდზე 2019 წელს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტშია ნათქვამი, აშშ-ის კანონმდებლობა წყალქვეშა ნავების სერტიფიცირებას არ მოითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner