logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: ისეთი საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე, როგორზეც ნებისმიერი სპორტსმენი იოცნებებდა
- +

24 ივნისი. 2023. 08:49

 

 

როგორც წესი, ინტერვიუს პატარა ანოტაციით ვიწყებთ და, თავდაპირველად, რესპონდენტების მოკლე დახასიათებას წარმოგიდგენთ ხოლმე... თუმცა, დღეს ამ წესს დავარღვევთ და სტუმრის ვინაობას, ყოველგვარი შესავლის გარეშე გაგიმხელთ. გთავაზობთ ინტერვიუს ჭადრაკის ნამდვილ დედოფალთან, ერთადერთ და განუმეორებელ - ნონა გაფრინდაშვილთან!

 

- ქალბატონო ნონა, ალბათ, რაზეც შეიძლება სპორტსმენმა იოცნებოს, ყველა ოცნება ასრულებული გაქვთ და რისთვისაც შეიძლება მოჭადრაკეს მიეღწია, ყველა მიზანი - მიღწეული... და მაინც, მოდით, ძალიან მოკლე და ცოტა უცნაური შეკითხვით დავიწყებ ჩვენს დღევანდელ ინტერვიუს - რომ არ ყოფილიყო ჭადრაკი თქვენს ცხოვრებაში, რა პროფესიის შეიძლებოდა ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი?

 

- თქვენ თავადვე ისეთი მოკლე, მაგრამ ამომწურავი შესავალი გააკეთეთ, რომ პასუხიც ცხადია - ძალიან სულელი უნდა ვყოფილიყავი, სხვა მიმართულებით რომ წამეყვანა ჩემი ცხოვრება. არასოდეს მიფიქრია იმ სცენარზე, რომლის მიხედვითაც ჭადრაკი არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორც კი, პირველი წარმატება მოვიდა, მაშინვე მივხვდი, თუ რისთვის უნდა მიმეძღვნა ცხოვრება და მაშინვე გამოირიცხა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა სხვა პროფესიაზე და ცხოვრების სხვა სცენარით განვითარებაზე მეფიქრა. ნამდვილად ყველაფერს მივაღწიე სპორტში და ვიცხოვრე ისეთი საინტერესო ცხოვრებით, როგორზეც ადამიანმა შეიძლება უბრალოდ იოცნებოს.

 

- და მაინც, როგორ დგება ადამიანის ცხოვრებაში ის მომენტი, როცა ხვდება, რომ იპოვა ცხოვრების მთავარი მიზანი? როგორ მოხდა ეს თქვენს ცხოვრებაში და რომ გაიხსენოთ ის შეგრძნება, როცა ჭადრაკის დაფას პირველად მიუჯექით...

 

- ვერ გეტყვით, როგორ ხდება ზოგადად, ალბათ, ყველას ცხოვრებაში სხვადასხვანაირად დგება ეს მომენტი, ჩემს ცხოვრებაში კი, ეს შეგრძნება პირველ წარმატებასთან ერთად მოვიდა. ოთხი უფროსი ძმა მყავდა, მათთან ერთად ვიზრდებოდი და ყველაფრის თამაში მათგან ვისწავლე... ერთხელ სამეგრელოს დასჭირდა მოთამაშე გოგონა, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ბათუმში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე. ტურნირში მონაწილეობა მივიღე და ჩემმა თამაშმა მაშინვე მიიქცია სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელის - ვახტანგ ქარსელაძის ყურადღება. ამ ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ მშობლებმა ნება დამრთეს, წამოვსულიყავი თბილისში, დეიდასთან. 1954 წელს ჩამოვედი დედაქალაქში, 1956 წლიდან კი, დაიწყო წარმატებების მთელი სერია... ასე დაიწყო ჩემი ისტორია და მას შემდეგ, არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ არა მოჭადრაკე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი...

 

- XXI საუკუნის 20-იანი წლებია და დღესაც კი, მსოფლიო აქტიურად ებრძვის ქალთა დისკრიმინაციას სპორტში და არა მხოლოდ სპორტში... რა მდგომარეობა იყო მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რთული იყო თუ არა თქვენთვის, როგორც ქალისთვის დიდებისკენ - ამ ურთულესი გზის გავლა?

 

- არა მგონია... იცით, უბრალოდ გააჩნია, რა საქმეს აკეთებ და, რაც მთავარია, როგორ აკეთებ. ჩემს დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ, როგორ კი გავედი საერთაშორისო ასპარეზზე და დავიწყე თამაში მამაკაცებთან, ფაქტობრივად ერთ წელიწადში დავამსხვრიე მითი, რომ ქალები იმ ხარისხით ვერ თამაშობდნენ ჭადრაკს, რა ხარისხითაც თამაშობდნენ მამაკაცები. მე შევცვალე ასეთი დამოკიდებულება ქალთა მიმართ, თუმცა, ამაში მხოლოდ ნიჭი როდი დამეხმარა... ჭადრაკში წარმატების მიღწევაში ადამიანს მხოლოდ ნიჭი არ ჰყოფნის, აქ კიდევ უამრავი ფაქტორი მუშაობს. როცა ორი ნიჭიერი მოჭადრაკე ხვდება ერთმანეთს, იმარჯვებს ის, რომელიც ფსიქოლოგიურად და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურადაც კი უკეთესადაა მომზადებული და რომელსაც უფრო მყარი ნერვული სისტემა აქვს. გარდა ამისა, მოჭადრაკის და, საერთოდ, სპორტსმენის ცხოვრებაში აუცილებელია  შრომისმოყვარეობა, რომლის გარეშეც წარმატება არ მოვა და მწვერვალებს ვერასოდეს დაიპყრობ. ჭადრაკი არ არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც სახლში წაიღებ და კარგად დაამუშავებ, ჭადრაკში არსებობს რეგლამენტი და ყველანი ვემორჩილებით ამ რეგლამენტს.

 

- თქვენ ახლა ჩამოთვალეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია წარმატების მიღწევაში... თუმცა, არ გიხსენებიათ იღბალი... რა როლი აქვს მას წარმატების მიღწევის გზაზე და, საერთოდ, არსებობს იგი სპორტსმენ ცხოვრებაში?

 

- იღბალმა შეიძლება ერთხელ ითამაშოს როლი შენს წარმატებაში, თუმცა, სტაბილურად იღბლის იმედად ვერ იქნები. სამწუხაროდ, მე ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვიცი, რომლებიც ახლოს იყვნენ მსოფლიო ჩემპიონობასთან, მწვერვალების დაპყრობასთან, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს და არა იმიტომ, რომ იღბალი არ აღმოაჩნდათ, არამედ იმიტომ, რომ დააკლდათ ის კომპონენტები, რაც ზევით ჩამოგითვალეთ - ფსიქოლოგიური მომზადება, მყარი ნერვული სისტემა და შრომისმოყვარეობა...

 

- ქალბატონო ნონა, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება ჭადრაკს მიუძღვენით. ბავშვობიდან ვარჯიშობდით, შრომობდით, ნერვიულობდით, თუ დაეცემოდით, დგებოდით და აგრძელებდით გზას მწვერვალებისკენ... ანუ, თქვენი ცხოვრება სრულებით არ ჰგავდა სხვა ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც ამ დროს უდარდელად თამაშობდნენ ეზოში... გულდაწყვეტის მომენტები თუ ჰქონია პატარა ნონა გაფრინდაშვილს, როცა მისი ვარჯიშისა და შეჯიბრებების დროს, ბავშვები ეზოში ცელქობაში ატარებდნენ დროს?

 

- რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ნამდვილად არასოდეს დამკლებია ბავშვობა და არასოდეს არაფერზე დამწყვეტია გული... მე ვთამაშობდი ჭადრაკს, ჭადრაკი კი, ყველაფერი იყო ჩემთვის...

 

- დღევანდელ თაობაზე რას გვეტყვით, როგორი თაობა მოდის და თუ ხედავთ იმის შანსს, რომ ოდესმე ჩვენი ქვეყანა ისევ აღზრდის ისეთი ფენომენალური მიღწევების მოჭადრაკეებს, როგორებიც აღზარდა საბჭოთა სკოლამ?

 

- არაჩვეულებრივი თაობა გვყავს! ისინი იგებენ ოქროს, ვერცხლსა თუ ბრინჯაოს. ჩვენნაირი გუნდით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი... ის, რაც ჩემმა და ჩემს შემდგომმა თაობამ შეძლო, გუნდურ თუ ინდივიდუალურ სახეობებში, ამის განმეორება ძალიან რთული ამოცანა იქნება და გამიკვირდება, ეს რომ კიდევ განმეორდეს, თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ დადგება დღე, როცა ჩვენი ქვეყანა იზეიმებს მსოფლიო ჩემპიონობას.

 

- და ინტერვიუს ბოლოს, როგორც ფეხბურთის დიდ გულშემატკივარს, არ შემიძლია არ გკითხოთ, თუ რა შეგრძნებით დაბრუნდით ნეაპოლიდან... როგორც სრულიად საქართველომ ნახა, თქვენ ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ იტალიაში ბრძანდებოდით ჩასული. რა ემოციებით დაბრუნდით ფეხბურთის იტალიური სამყაროდან?

 

- ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და ის, რაც ამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო, უბრალოდ წარმოუდგენელია. ადამიანები, რომლებსაც მიტოვებული ჰქონდათ ფეხბურთის ყურება და სტადიონზე სიარული, დააბრუნა სტადიონებზე და მიაჯაჭვა ტელევიზორებს. ამ ახალგაზრდა ბიჭმა პირველივე წელს მიაღწია ყველაფერს, რის მოღწევაზეც შეიძლება სპორტსმენმა იოცნებოს. პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაგასახელებენ, ამაზე მეტის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.  გაგონილი მქონდა, ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობსო, მაგრმ იმან, რაც მე ამ ქალაქის ქუჩებში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მე ასეთი რამ სხვაგან არ მინახავს. ისეთი ატმოსფეროა ქალაქში, თითქოს სპორტის სხვა სახეობა არც კი არსებობს. მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებთ, მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობენ... ჩვენი ხვიჩას ასეთმა ტრიუმფალურმა სეზონმა გადამაწყვეტინა, ჩავსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა, რაც ხდებოდა იტალიის ამ პატარა ქალაქში. მათი კუმირის, მარადონას გვერდით დახატულმა კვარაცხელიას ფოტოებმა გული ამიჩუყა. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს დაიპყრობს და მისი მიღწევებით დავტკბებით ჩვენ, სრულიად საქართველო და დატკბება მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროც... თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ხვიჩას გარდა, ქართველებს კიდევ გვყავს ძალიან საინტერესო ფეხბურთელები და, იმედია, ნაკრების დონეზე, მალე მათი წარმატებების მომსწრენიც გავხდებით.

 

- იმედია! იმედია, ფეხბურთშიც მივაღწევთ წარმატებებს და ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონიც მალე გვეყოლება. ძალიან დიდი მადლობა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner