რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაღალსართულიან კორპუსში, ნანგრევებში მოყოლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. გარდა ამისა, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
მედიის ცნობითვე, ასევე დაზიანდა 24-სართულიანი შენობის ავტოსადგომზე მდგარი 40-მდე მანქანა.
ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დაფიქსირდა კასპიის ზღვიდან სტრატეგიული ავიაციის მიერ ფრთოსანი რაკეტების გაშვება. მოგვიანებით, აფეთქებები მოხდა დნეპრში, ხარკოვსა და კიევში.