ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაშში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა. თამაშს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის ტიტული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გუნდმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო ბუ გადაეცათ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თავდაცვის უწყებაში „რა? სად? როდის?“ სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს.