„დილიდან გვესმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან აჟიოტაჟი და პანიკა, მოწოდებები და განცხადებები, რაც მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ - ქვეყანაში გამოიწვიონ პანიკა, არეულობა და დესტაბილიზაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე შიდა დაპირისპირების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამ განცხადებების ლოგიკური გაგრძელებასავით გამოვიდა პრეზიდენტის ახლანდელი განცხადება. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ მოვლენებს, რაც რუსეთში ვითარდება. წინასწარ დასკვნების გაკეთება იქნება შეცდომა, რადგან ზუსტად არავინ იცის იქ რა ხდება და არავინ იცის რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ამ მოვლენებმა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, მოწოდებები საზღვრის დაკეტვა და ა.შ. არის მცდარი მოწოდებები და მითუმეტეს არაფერს ვამბობ აფხაზეთსა და ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანია სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი სტრატეგიული მიზნების დანაკარგების გარეშე მიღწევა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
პრეზიდენტმა პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.
შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.