„რთულია რაიმე პროგნოზისა და ანალიზის გაკეთება დღეს, რა იქნება ხვალ რუსეთში და შესაბამისად, იმ ადგილებში, სადაც რუსეთი აწარმოებს აგრესიას“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ხშირად გვესმოდა სხვადასხვა სცენარი, რა შეიძლება მომხდარიყო რუსეთში. ჩვენთვის, ქართული პოზიციიდან გამომდინარე, რა ძალაა დღეს რუსეთში ისეთი ძალა, რომელზეც შეიძლება იმედი დაამყარო, რომ შენთვის სასარგებლოა, ძალიან რთულია ამის თქმა. არსებობს ერთი რუსული, აგრესიული, იმპერიალისტური პოლიტიკა, რომელსაც მიყვებიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ძალიან ხშირად მის ოპოზიციაში მყოფი ადამიანებიც კი. შესაბამისად, საქართველოსთვის განვითარებულ მოვლენებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ან რა გავლენა იქონიოს, ამაზე საუბარი დღეს ძალიან რთულია. დასავლეთიდანაც კი ფაქტობრივად არ კეთდება განცხადებები რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ყველა აკვირდება და ცდილობს გაარკვიოს, სინამდვილეში რა ხდება. რუსეთი თუ დაკავდება თავისი საშინაო საქმეებით, ნაკლებად იქნება აგრესიული და ნაკლებად ეცლება იმისთვის, რომ სამეზობლოში აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს, ყველასთვის უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.