logo_geo
eng_logo
პროგოჟინი ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები უკან ბრუნდებიან
- +

24 ივნისი. 2023. 22:01

 

 

ევგენი პრიგოჟინი ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, უკან ბრუნდებიან.

 

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ „რუსული სისხლის“ დაღვრის საფრთხე უკვე აშკარა იყო.

 

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გაუქმება უნდოდათ. 23 ივნისს ჩვენ გამოვედით სამართლიანობის მარშზე. დღე-ღამეში ჩვენ მოსკოვამდე 200 კილომეტრი გვაშორებდა. ამ პერიოდში ჩვენ არ დაგვიღვრია ჩვენი მებრძოლების არც ერთი წვეთი სისხლი. ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება, დაიღვაროს სისხლი. ვინაიდან, გვესმის მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ იქნება დაღვრილი რუსული სისხლი რომელიმე მხრიდან, ჩვენ უკან ვატრიალებთ ჩვენს კოლონებს და უკან მივდივართ საველე ბანაკებში გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

 

მანამდ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა პრიგოჟინთან მოლაპარაკებები გამართა და ის კოლონის მოძრობის შეჩერებას დათანხმდა.

 

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner