რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს ევგენი პრიგოჟინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დეტალები გააცნო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში წავა.
მისივე განმარტებით, დაჯგუფების წევრების დევნა არ მოხდება. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.
მანამდე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა პრიგოჟინთან მოლაპარაკებები გამართა და ის კოლონის მოძრობის შეჩერებას დათანხმდა.
შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.