logo_geo
eng_logo
მაჭახელას ეროვნულ პარკს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ
- +

25 ივნისი. 2023. 10:11

 

 

მაჭახელას ეროვნულ პარკს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ. საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი მოინახულეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით; მოინახულეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 

მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული, ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია დაცული ტერიტორიების სისტემისა და მიმდებარე მოსახლეობის ჰარმონიულად თანაცხოვრების.

 

მაჭახელას დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).

 

საინფორმაციო ტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner