„იდეოლოგია, რითაც ისინი მოვიდნენ, პრაქტიკულად იყო ძალადობრივი. მათ უნდოდათ, აეშენებინათ ავტოკრატიული სახელმწიფო, ერთ ადამიანზე, ერთ პიროვნებაზე მორგებული და ამით ააშენებდნენ დემოკრატიას და გააძლიერებდნენ ეკონომიკას", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" საუბრობს. ივანიშვილი საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე გვიან გამოვლინდა.
„გავიხსენოთ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში. მე პოლიტიკურად არ მქონდა იმხელა გამოცდილება, ზედმეტად ემოციური ვიყავი და კარგად მახსოვს, რევოლუციის დროს საფრანგეთში ვცხოვრობდი, ვუყურებდი ამ პროცესს ტელევიზორიდან და ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია მქონდა მაშინ. ზედმეტად ემოციური ვიყავი, ზედმეტად გამიხარდა და ამ გზით მოსვლა ხელისუფლებაშიც ჩემთვის მისაღები იყო, ისევე როგორც მთელი საზოგადოებისთვის.
2-ნახევარი წლის განმავლობაში მე ხელისუფლებას ვაფინანსებდი მთლიანად. კარგად ვფუთავდით მათ, მაგრამ პირდაპირ სააკაშვილს არ დავხმარებივარ არასდროს და ამის თხოვნას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა რეაქციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გააჭიანურა. ჩემი მოუმზადებლობის და გაუცნობიერებლობის ბრალიც იყო ის, რომ მათი სახეები უფრო გვიან გამოჩნდა და მე ამაში გარკვეული როლი მიმიძღვის.
სააკაშვილს ჩემთან ჰქონდა ძალიან მოწიწებული დამოკიდებულება. არც მე მქონია უხეში დამოკიდებულება. თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა. მე რომ მდომებოდა, დღეს ისინი ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ ის ყველაფერი, რაც მათ თავის ქვეყანას გაუკეთეს, ვერ ავიტანე და ამიტომაც მოვედი პოლიტიკაში. ვიმეორებ, პირადული ინტერესი რომ მქონოდა, ყველაზე კომფორტულად შეიძლება მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა. მათთვის ძალადობა იყო კულტი.
დღესაც თუ ვნახავთ მათ ხელწერას, მხოლოდ ძალადობას ვერ ანებებენ თავს. ეს არის მთელი მათი პრობლემა. ძალადობით მართავდნენ ქვეყანას და ამას არც მალავენ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.