ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით დინამიკა დაბრუნდა.
„სექტემბერში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლითაც საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი იქნება მხარდაჭერილი.
ჩვენ პოლიტიკურად ყველა შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუციისგან, იქნება ეს კომისია, საგარეო საქმეთა მინისტრების დონე თუ პარლამენტები, ვიცით, მათი პოზიცია რა მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, რომ საქართველოს, მის მოსახლეობას უახლოეს ხანში ექნება ვიზა-ლიბერალიზაცია. ეს იქნება იმ სწორი პოლიტიკის დამსახურება, რომელმაც მიგვიყვანა იმ აღიარებადმდე, რაც საქართველოს ევროპული სტრუქტურებიდან აქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას წლის ბოლოს მიიღებს, სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ეს ასე მოხდეს.
„ძალიან მაღალი ალბათობაა იმისა, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება წელსვე მოესწროს, მაგრამ თარიღებთან დაკავშირებით ყოველთვის ვცდილობთ თავი შევიკავოთ რაიმე კონკრეტული ვარაუდებისგან, სანამ არ გვეცოდინება დაზუსტებულად ინფორმაცია. იმიტომ რომ ერთი-ორი საკითხის გადატანა-შეცვლა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმედგაცრუებასთან, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.