logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ძალიან სერიოზული ბზარები ვნახეთ, პუტინს მოუწია დაეცვა მოსკოვი დაქირავებული ჯარისკაცებისგან
- +

25 ივნისი. 2023. 22:13

 

 

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებამ რუსეთში ძალიან სერიოზული ბზარები ნახა“.

 

„პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი და წაეშალა ქვეყანა რუკიდან, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი, საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან. ჩვენ ვნახეთ ძალიან სერიოზული ბზარები“, - განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ ეს პუტინის ავტორიტეტზე პირდაპირ იმოქმედებს.

 

ცნობისთვის, 23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

 

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

 

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

 

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner