სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში გაწეული საქმიანობის შეფასებისას, იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყო და განხორციელდა.
„სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ბოლო სამი წლის მანძილზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 150 ახალი საწარმო, 700-ზე მეტი გადაიარაღებული, 313 მილიონზე მეტი დაზღვეული აგრორისკი, კოოპერატივები, რომლებიც 1600-ზე მეტია საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაცია, რომელიც ამ ყველაფრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
დანელიას განცხადებით, ბოლო 3 რთველის შედეგად გლეხებმა 400 მილიონ ლარამდე სარგებელი მიიღეს.
„რთველი უკვე დაწყებულია, შტაბი გამართულად მუშაობს. ბოლო 3 რთველის შედეგად გლეხებმა 400 მილიონ ლარამდე სარგებელი მიიღეს. არის მთელი რიგი პროცესები, რომელიც დაწყებულია, მიმდინარეობს და ვფიქრობ, 2-3 წელიწადში გაცილებით უფრო თვალსაჩინო შედეგები დადგება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ღია მმართველობის" ფარგლებში, მინისტრის რანგში ბოლო ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტორსა და მასში შემავალი სსიპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ.