logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ხელისუფლების მიდგომა იყო სწორი, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს და არ გვაქვს უფლება რაღაც პროვოკაციებზე წამოვეგოთ
- +

26 ივნისი. 2023. 00:09

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობა და გამთლიანება არის ჩვენი უზენაესი მიზანი. მაგრამ ყველაფერს სჭირდება გონიერება, რომ ყოველთვის ნაჩქარევი დასკვნა არ უნდა გააკეთო. ბევრი ბოროტება და უბედურება მოვიმკეთ ნაჩქარევი დასკვნებითა და ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯებით, - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის რეაქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არასერიოზულია, როცა ერთ დღეში კეთდება დასკვნები საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობის შესახებ.

 

„პოლიტიკა არის გონებისა და არა ემოციების სფერო, სადაც არ უნდა გაკეთდეს ნაჩქარევი დასკვნები, არავითარ შემთხვევაში. ყოველთვის უნდა გეყოს მოთმინება და დააკვირდე პროცესს. ერთ დღეში დასკვნა არ უნდა გააკეთო. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელ ოპოზიციას აფხაზეთის ან სამაჩაბლოს საკითხი ძალიან აღელვებდეთ. უბრალოდ ეს იყო საბაბი მათთვის, რომ ხელახლა დაეწყოთ ხელისუფლებისთვის კბენა.

 

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, პოლიტიკა ამავე დროს არის ის, რომ ხელსაყრელი მომენტი და დრო რომ დგება, და სერიოზულად დატესტილი და გადამოწმებული გაქვს, რომ ეს მომენტი დადგა, ვალდებული ხარ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა. რა თქმა უნდა, პრიორიტეტს ვანიჭებთ სამშვიდობო პოლიტიკას, ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს პროცესი რომ გაგრძელებული და რუსეთში დაწყებულიყო სამოქალაქო ომი, რომელიც თვეებია გაგრძელდებოდა, შენ წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, ვალდებული ხარ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები (არ მინდა დავაკონკრეტო რა იგულისხმება ამ ნაბიჯებში), რასაც ჰქვია შენი ტერიტორიების დეოკუპაცია. აფხაზეთი და შიდა ქართველის ეს ტერიტორიები ეთნოკონფლიქტის ზონები კი არ არის, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, უმჯობესია ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნო მშვიდობიანი პოლიტიკით, მაგრამ სრული უფლება გაქვს ეს ტერიტორიები დაიბრუნო ასევე ძალის გამოყენებით.

 

დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა იყო სწორი, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს და არ გვაქვს უფლება რაღაც პროვოკაციებზე წამოვეგოთ. მაგრამ ჩვენ უნდა ვემზადოთ. შეიძლება განმეორდეს ეს პროცესი“, - აღნიშნა ბათიაშვილმა.

 

მისივე თქმით, ასეთი პროცესებს განმეორებას რუსეთში ხელს უკრაინაში მიმდინარე ომი ქმნის, რომელიც ჩიხშია შესული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner