მილანის „ინტერს“ უკვე აქვს მკაფიო წარმოდგენა, ვინ უნდა გახდეს ანდრე ონანას შესაძლო მემკვიდრე, ის კი გიორგი მამარდაშვილი იქნება – ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.
„მილანელებს სურთ დაიმატონ ქართველი მეკარე, რომელსაც შეუძლია „ვალენსია“ 25 მილიონ ევროს საფასურად დატოვოს. მამარდაშვილით დაინტერესებულთა შორის „ინტერი“ აბსოლუტური ფავორიტია. 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელი ესპანეთში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და თანდათან მოიპოვა თავდაჯერებულობა, ნდობა და სათამაშო დრო“, – წერს Tuttosport.
თემა Corriere dello Sport-მაც გააშუქა და იგივე ვერსია შემოგვთავაზა, ოღონდ იმ მიზეზებზეც წერს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ქართველ კიპერზე რატომ დაფიქრდა.
„ანდრე ონანას აგენტი ალბერტ ბოტინესი ამ დღეებში ინგლისში იმყოფებოდა და მოლაპარაკება დაიწყო „ინტერის“ მეკარის მომავალზე, რომლის ტრანსფერს იტალიური კლუბი 60 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, შესაძლოა, 50 მილიონითაც დაკმაყოფილდეს. თუმცა, მასთან დამშვიდობების შემთხვევაში, „ინტერს“ შემცვლელზე დაფიქრება მოუწევს. სიაში პირველი გულიელმო ვიკარიო იყო, მაგრამ „ემპოლის“ მეკარე მოულოდნელად „რადარებიდან“ გაქრა, რადგან ორშაბათს „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკება აქვს დაგეგმილი. ამის გათვალისწინებით, წინა რიგში გადმოინაცვლებს გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ყურადღება „ვალენსიაში“ თამაშით მიიპყრო“.