ავტორი თაკო კვარაცხელია
მას შემდეგ, რაც კინომცოდნე და POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ვნებათაღელვა არ ცხრება. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ბაჩო ოდიშარიასთან ერთად, უკვე შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშვნას აპროტესტებენ. როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ და რა სამოქმედო გეგმა აქვს მას... „რეპორტიორის“ სტუმარია ბაჩო ოდიშარია.
- ბაჩო, თქვენი დანიშვნის დღიდან მოყოლებული, კინოცენტრის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება... კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, უკვე შეხვდით კინოს სფეროს წარმომადგენლებს. გამოიღო თუ არა რაიმე შედეგი ამ შეხვერამ და მიიღეს თუ არა პროტესტის მონაწილეებმა პასუხები იმ შეკითხვებზე, რა შეკითხვებიც მათ ჰქონდათ?
- რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, არანაირი შეკითხვები მათ არ ჰქონიათ. ჩვენ დაახლოებით ორმოცდაათ ადამიანს შევხდით, მათ შორის რეჟისორებს - ნანა ჯორჯაძესა და ნანა ჯანელიძეს, რომლებიც გამორჩეულად იყვნენ აღშფოთებულნი კინოცეტრის რეორგანიზაციის თემით და ამტკიცებდნენ, კინოცენტრში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნაო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონები შეხვედრაზე შემოსვლამდე საკუთარ აღშფოთებას ვერ მალავდნენ, უშუალოდ შეხვედრაზე ძალიან მშვიდად იყვნენ და არანაირი მღელვარება აღარ ეტყობოდათ. მათ შეკითხვებიც კი არ დაუსვამთ არც მინისტრისთვის და არც ჩემთვის, სწორედ ამიტომ, მე თავად ვკითხე ამ ორ ადამიანს, რა გახდა მათი განგაშის საფუძველი და რაში ხედავდნენ ცენზურის საფრთხეს. მათ არათუ შეკითხვები არ დაუსვამთ, ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზეც კი არ გაუციათ პასუხი, რადგან მათ ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე შევთანხმით, რომ კინოცენტრის რეორგანიზაცია აუცილებელია. შეხვედრის მონაწილენი მინისტრ წულუკიანს ყველაფერში დაეთანხმნენ და საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კონსენსუსი იმ საკითხში, რომ რეფორმა აუცილებელია და უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, მიღწეულია,. ამ ჯგუფებში იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც არიან პროტესტის ავანგარდში, უბრალოდ, მათ ისეთი ადამიანები უნდა გამოგზავნონ, რომლებსაც დიალოგის ფორმატში მუშაობა შეუძლიათ, რადგან ყვირილის, ხელების ბრახუნისა და ლანძღვის ფორმატში, საქმე უბრალოდ არ გაკეთდება!
- ანუ, პოზიტიური ძვრები დაიწყო... რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, იგეგმება თუ არა შეხვედრის მომდევნო ეტაპი იმ ადამიანებთან, ვინც ამ შეხვედრას გარკვეული მიზეზების გამო არ ან ვერ დაესწრნენ?
- კი, რასაკვირველია. ჩვენ შევხვდებით ყველას, ვისაც კინოს ბედი ადარდებს და ვისაც დიალოგის ფორმატში მუშაობა შეუძლია. ადამიანებთან, რომლებიც ზრდილობასთან მწყრალად არიან, ვინც ეთიკისა და მორალის ჩარჩოებიდან არიან გასულები, დიალოგი შეუძლებელია, საჩხუბრად კი, ჩვენ არ დავდივართ. ვინც საკუთარ თუ გარედან ნაკარნახებ ვნებებს დაიოკებს, მზად ვართ, ყველას ველაპარაკოთ.
- სიტყვა „ნაკარნახები“ ახსენეთ... თქვენი აზრით, ვისგან ნაკარნახებ აზრებს ახმოვანებდნენ ისინი და რა ძალის მხრიდან იყო ეს პროტესტი მართული?
- ზედაპირული დაკვირვებითაც კი, მარტივად დასანახია, ვის ინტერესშიც შეიძლება შედიოდს ის, რომ პროტესტი არ შეწყდეს... ადამიანები, რომლებიც კითხვებს არ სვამენ და მხოლოდ სასტვენებით, კარზე ბრახუნითა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გამოხატავენ პროტესტს და, რომლებსაც მუდმივად თან ახლავთ „ფორმულასა“ და სხვა ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები, მგონი, რთული გამოსაცნობი არაა, საიდან იმართებიან. მოზაიკაში, ლოგიკურად ივსება ყველა გამოტოვებული ადგილი... მათ აქვთ მცდელობა, პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესად წარმოაჩინონ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი.
- ბაჩო, თქვენ თქვით, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეხვედრაზე შეკითხვები არ დასვეს... არ ვიცი, რატომ არ ან ვერ დასვეს მათ შეკითხვები, ამიტომ, მე ვეცდები ჩამოგიყლიბოთ ის კითხვები, რა კითხვებიც მათ, წესით, შეიძლებოდა გასჩენოდათ თქვენი მისამართით. კინო პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია მთელ მსოფლიოში და ამისთვის მხოლოდ ჰოლივუდის მაგალითის მოყვანაც საკმარისია. თქვენ ამ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანი ხართ და არასოდეს დაგიმალავთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ თქვენი პოლიტიკური სიმპათიები. ხომ არაა შესაძლებელი, დადგეს საფრთხე იმისა, რომ კინოცენტრის მმართველ რგოლში „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადამიანების დანიშვნით, კინო გადაიქცეს ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად?
- დავიწყოთ იქიდან, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური გემოვნება არ აქვს და არ გააჩნია პოლიტიკური სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერ თანამდებობაზე ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ აქვს სიმპათია და ეს, ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომ, არგუმენტი, რომ პოლიტიკური გემოვნების გამო, მათ არ სურთ, რომ კონკრეტული ადამიანი დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობაზე, მყარი არგუმენტი ვერასოდეს იქნება. რაც შეეხება იმას, გადაიქცევა თუ არა პარტიული პროპაგანდის ინსტიტუციად ეროვნული კინოცენტრი, დამიჯერეთ, ეს აბსურდული შიშია. ყველა პროექტს, რომელიც შედის კინოცენტრში, განიხილავს კომისია და ერთი კონკრეტული პიროვნება მის ბედს ვერ გადაწყვეტს...
- და თუ იტყვიან, რომ აღნიშნული კომისიაც სრულად დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებიც ხელისუფლებისადმი სიმპათიით არიან განწყობილნიო?
- ეს უბრალოდ, არარსებული თეორიის დაშვებაა და მეტი არაფერი. ის, რომ პარტიული დაკვეთით „ქართული ოცნების“ კარგ მმართველობაზე დავიწყებთ ფილმების გადაღებას, რომ მსგავსი კინოსურათები გახდება პრიორიტეტული და, რომ კინოცენტრი მათ გადასაღებად გასცემს დაფინანსებას, სრული აბსურდია. თუ ვინმეს თავში ასეთი ფანტასტიკის ჟანრის სცენარი დაიბადება, დამიჯერეთ, ეს ადამიანი უბრალოდ ძალიან კარგი სცენარისტია. სხვათა შორის, მსგავს სცენარს თუ შემოიტანს ვინმე კინოცენტრში, მე პირადად ვუგულშემატკივრებ, რომ ეს სცენარი გადასაღებად დაუმტკიცონ.
- ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში თქვით, რომ ორი რამ სჭირდება სასწრაფოდ კინოცენტრს - რეფორმა და რეორანიზაცია. რომ დაგვიკონკრეტოთ, რას მოიცავს რეფორმა და რას მოიცავს რეორგანიზაცია და გულისხმობს თუ არა ის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას?
- რეორგანიზაცია გულისხმობს ნებისმიერი იმ აპარატის გამართულად მუშაობას, რომელიც აქამდე ხარვეზებით მუშაობდა, ასევე ფინანსური საკითხების მოგვარებას და სხვა ბევრ დეტალს... რაც შეეხება კადრების შემცირებას, კი, რეორგანიზაცია გულისხმობს არსებული საშტატო ერთეულების გადახედვასაც, თუმცა, ლაპარაკია მხოლოდ არასაშტატო თანამშრომლებზე. დამეთანხმებით, რომ რეორგანიზაციის დროს შეიძლება აღმოაჩინო ისეთი პოზიციის არსებობა, რომლის საჭიროებაც უბრალოდ არ არსებობს, ან შეიძლება აღმოაჩინო ისეთი პოზიციის არარსებობა, რომელიც აუცილებელია, არსებობდეს. ასე რომ, რეორგანიზაცია შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ თანამშრომლების შემცირებას, არამედ დამატებასაც. რეორგანიზაცია ასევე გულისხმობს ხელფასების გადახედვასაც, რომელიც ამჟამად კინოცენტრში ძალიან მწირია. მწირი ხელფასი მწირ მოტივაციას ნიშნავს, მწირი მოტივაცია კი - ცუდად შესრულებულ სამუშაოს...
- და ბოლოს, ბაჩო, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კინო, ოდესღაც შედევრების შემნელი ქვეყანა, რატომ ვეღარ ვქმნით შედევრებს და რა პერსპექტიკა აქვს ქართულ კინოს მომავალში?
- თქვენ რომ ახლა ხალხში გახვიდეთ და ჰკითხოთ, ბოლოს რომელი ახალი ქართული ფილმი ნახეს, აღმოაჩენთ, რომ ქართველი მაყურებელი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ქართული ფილმი, რომელიც ფინანსდება კინოცენტის მიერ, ხელმისაწვდომი არაა ქართველი მაყურებლისთვის. ამაში იკვეთება როგორც კინოცენტის, ისე საპროდიუსერო ჯგუფისა თუ თავად რეჟისორის ბრალეულობა. სამწუხაროდ, ქართული ფილმის შემქმნელებისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა ქართველი მაყურებლის აზრი, ანუ არა იმ ადამიანების აზრი, ვის პრობლემებზეც გადაიღეს ფილმი და რომლებიც პერსონაჟებად აქციეს, არამედ ის, რომ ფილმმა რაც შეიძლება მეტი ფესტივალი მოიაროს. საერთაშორისო ფესტივალებზე ფილმი, რასაკვირველია, უნდა წავიდეს, მაგრამ, პირველ რიგში, ის ქართველმა მაყურებელმა უნდა ნახოს. ამ პრობლემაზე კინოცენტრსაც და სექტორის წარმომადგენლებსაც ბევრი ექნებათ სამუშაო. პირველი, რასაც შევეცდები, ისაა, რომ გაჩნდეს უფრო მეტი სივრცე, სადაც მოეწყობა ქართული კინოს ჩვენებები, იქნება ეს მუნიციპალური კინოთეატრის შექმნა თუ ქართულ კინოთეატრებთან ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობა, რომ მათთან მუდმივად გადიოდოდეს ახალი ქართული ფილმი. ან შეიძლება, საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა, რომ მათ ჰქონდეთ აღნიშნული ფილმების გაშვების შესაძლებლობა თუ ვალდებულება... ერთი რამ ცხადია, ინსტიტუცია, რომელიც ოც წელიწადზე მეტი ხანია არსებობს, საჭიროებს სრულ რეორგანიზაციასა და რეფორმირებას, და ეს საქმე, აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი.