ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან - ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, კუნძულ ტექსელზე, ფაშიზმის წინააღმდეგ აჯანყების დროს დაღუპული ქართველი მეომრების ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც აჯანყების მონაწილეთა პირადი და ომის ამსახველი ნივთებია წარმოდგენილი; მოინახულეს ბუნკერები, სადაც ტყვეები თავს აფარებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულ დელეგაციასთან ერთად, კუნძულ ტექსელზე იმყოფებოდა „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის“ პრეზიდენტი, თიკა სვანიძე- ვენკო; მიმდინარე წლის 4 მაისს, სწორედ მისი ინიციატივით და მხარდაჭერით, ასევე, კუნძულ ტექსელის მერიასა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი გაიხსნა, რომელზედაც ტექსელის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცების გვარ-სახელებია ამოტვიფრული. ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ მებრძოლთა შორის, იდენტიფიცირებულია ათამდე ჯარისკაცი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მემორიალის დიზაინის ავტორი, ბელგიის სამეფოში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, მოქანდაკე, რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე გახლავთ.
ქართველთა აჯანყება ტექსელზე -ასე მოიხსენიებენ ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებულ აჯანყებას ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე 1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე. ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ, ხშირად, ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე, თითქმის, მთელი კუნძული ამბოხებულთა ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშვეს. მძიმე ბრძოლებში 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.
კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.