logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ უწყებების ანგარიშები მოისმინა
- +

27 ივნისი. 2023. 00:07

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ანგარიში მოისმინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. „ამ სამუშაოებს საფუძვლად უდევს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი გეგმა, რომლის მიზანი იყო რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ის სრულად თანხვედრაშია ატმოსფერული ჰაერის შესახებ ევროკავშირის დირექტივებთან. ამ გეგმით და ზოგადად „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის დამტკიცებით ჩვენს ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მართვის ნაწილში დავამკვიდრეთ სრულიად ევროპული მიდგომები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ჰაერის ხარისხის მართვის გაუმჯობესების გეგმა მოიცავდა 5 ძირითად ამოცანას -სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირება, ჰაერში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირება, ქალაქ რუსთავში მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ქალაქში ჰაერის მართვის ხარისხისა და მონიტორინგის გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება.

„ჩვენი მიზანია, რომ ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, ჩვენ კიდევ გვაქვს განსახორციელებელი მთელი რიგი სამუშაოები, თუმცა ნაწილობრივი შემცირება მცირე ნაწილაკების შემთხვევაში რაც გვაქვს 2022 წლის მონაცემებით, უკვე შეიძლება ჩაითვალოს ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან პროგრესად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით პროცესმა, რომელიც პასუხისმგებლობის კანონმა შექმნა სამართლებრივ სივრცეში, თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად საწარმოთა უმრავლესობაში მთელი საწარმოო ციკლის ჩანაცვლების ვალდებულება გამოიწვია. რაც მოსალოდნელიც იყო.

ყველა ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საწარმოების კონტროლის, ასევე სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის, ტექინსპექტირების გამკაცრების, თუ სამშენებლო ნორმების დაცვის კუთხით, რამაც ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს, ასევე გამწვანების კუთხით, დინამიკაში აუცილებლად მოგვცემს შედეგებს გაუმჯობესების მიმართულებით. ვფიქრობ 4-5 წელიწადში ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ამას მონიტორინგიც ადასტურებს. პროცესი, რასაც გეგმა-გრაფიკის ეტაპობრივი შესრულება ჰქვია, ბუნებრივია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ამას კომიტეტი თვალყურს მიადევნებს“.

კომიტეტმა საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მოისმინა ინფორმაცია „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა წარადგინა. წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხებოდა ელექტრო ნარჩენების, საბურავების, ბატარეებისა და ზეთების ნარჩენების მართვას საწარმოების მიერ. „ეს არის ახალი ინსტიტუცია, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. გაფართოებული ვალდებულებები ერთი წელია რაც ეს ძალაში შევიდა და ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი, რომ პრინციპის - დამბინძურებელი იხდის, დანერგვა რთული იქნებოდა, მაგრამ დიდი შრომის შედეგად შევძელით ამ ინსტიტუციის შექმნა, დანერგვა და ამუშავება, რამაც საგრძნობი შედეგი უკვე გამოიღო“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით მოქმედი სამართალდარღვევების (კოდექსის 1524-1529 მუხლები) აღსრულების მდგომარეობის შესახებ. მონაცემები წარმოადგინეს პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს, ქალაქების თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის და რუსთავის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner