logo_geo
eng_logo
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
- +

27 ივნისი. 2023. 13:03

 

 

2023 წლის 21 ივნისს,  მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატები, საზოგადოების წარმომადგენლები.

 

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაში შედიოდნენ: ბურსას მიტროპოლიტი იოაკიმე ბილისი (ხელმძღვანელი) და ჩვენი თანამოქალაქე, მსოფლიო საყდრის არქიმანდრიტი და თურქეთის რესპუბლიკაში ქართული სამრევლოების წინამძღვარი მამა ილია ჯინჯოლავა.

 

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერაზე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ერთიანობა-მთლიანობისადმი. ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი“, – ეს ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის სიტყვა და სამოქმედო ფორმულაა, რომელიც კონკრეტულად ჩვენს სამშობლოსა და ეკლესიაზე ბრძანა მართლმადიდებლური სამყაროს პირველიერარქმა. მისი სახით საქართველოს ჰყავს დიდი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ერთიანი ეკლესიის გაძლიერების საკითხებს. მსოფლიო პატრიარქი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციურ იდეას, როგორც მშვიდობის ქართულ პარადიგმასა და მშვიდობის მშენებლობის ახლებურ თვალთახედვას, – განაცხადა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

შეხვედრის მოდერატორმა, პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა ისაუბრა მსოფლიო პატრიარქის პიროვნულ ღირსებებსა და მსოფლიო საპატრიარქოს, არქიდიაკონ იოანე ხრისავგისის მიერ მსოფლიო პატრიარქზე დაწერილი ბიოგრაფიული ხასიათის მონოგრაფიის: „ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმხედველი“  ქართულენოვანი გამოცემის შესახებ და წიგნის გამოცემაში მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს.

 

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ვრცლად მიმოიხილა კონკრეტული ფაქტები, თუ რა გზა გაიარა ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და როგორი დიდი როლი მიუძღვის მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართოლომეოსსა და  მსოფლიო საპატრიარქოს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, ბატონმა ჯემალ გამახარიამ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს გადასცა პროფესორ ლია ახალაძესთან ერთად მომზადებული კვლევა აფხაზეთის ისტორიის შესახებ. წიგნი არაერთ ევროპულ თუ აღმოსავლურ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის – ბერძნულადაც. ბატონი ჯემალი მიესალმა სტუმრებს და აღნიშნა: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ყოველთვის, ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მშვიდობის მშენებლობის საკითხში  ახალი ხედვა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ნაშრომია,  მსოფლიო პატრიარქს და საპატრიარქოს გააცნო. მე, როგორც აფხაზეთის წარმომადგენელმა, მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო პატრიარქს, რომლის სახითაც  ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას დიდი მეგობარი ჰყავს“.

 

ბურსას მიტროპოლიტმა, იოაკიმე ბილისმა განსაკუთრებული სიყვარულით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევა გადასცა  საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II- ს, სსუ-ის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს; მან ისაუბრა პროცესზე, თუ როგორ ვითარდებოდა მსოფლიო საპატრიარქოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა.

 

მინდა გადმოგცეთ ლოცვა-კურთხევა და დიდი სიყვარული მსოფლიო პატრიარქისა, რომელიც ქართველი ერის ძვირფასი მეგობარია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის წმინდა აკადემიური სივრცე, რომლის რექტორი და აკადემიური პერსონალი ზრუნავს, რომ განათლების მიღებასთან ერთად სულიერი საზრდოც მისცენ სტუდენტებს. თქვენი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე გამორჩეული პიროვნებაა, რომლის მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. ბატონი ზურაბის ჯენტლმენურმა ხასიათმა და მისმა პერსონამ, ძალზე მგრძნობიარე გაგვხადა თქვენი უნივერსიტეტის მიმართ, რაც დღესაც გრძელდება. მადლობას ვუხდით მას საქართველოსა და თქვენს უნივერსიტეტში მოწვევისთვის“, – განაცხადა ბურსელმა მიტროპოლიტმა იოაკიმემ.

 

შემაჯამებელ გამოსვლაში, სსუ-ის რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II-ს,  მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსს, მსოფლიო საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს თანადგომის, მხარდაჭერისა და  გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც საქართველოს ერთიანობის აღდგენას ემსახურება.

 

ამავე დღეს, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან მაღალი შეფასება მისცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აქტიურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – მსოფლიო საპატრიარქოსთანაც, რაც აძლიერებს საკუთრივ უნივერსიტეტს და მას უხსნის გზებს ახალი შესაძლებლობებისათვის, ახალი  მიღწევებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner