logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღეს საქართველო 18 წარმატებულ ქვეყანაში შედის
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:17



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.  როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერთი ქვეყანა სწრაფად ვერ განვითარდება.


„დღეს, ზოგადად ეკონომიკური ტემპის ზრდა  არ არის მომხიბვლელი, როგორიც იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ზრდის ტემპით, როგორიც არასდროს არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს. როდესაც რეგიონში არის კრიზისი, ევროპაში  და საერთოდ ეკონომიკური კრიზისია იქ, ერთი ქვეყანა მაღალი ტემპებით ვერ გაიზრდება, თუმცა ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი.

კორუფცია ნულამდეა დასული, ნაცვლად იმისა, რომ ელიტარული კორუფცია იყო და ბიზნესს იყოფდა ხელისუფლება. სამუშაო ადგილები 2012 წლამდე 23 ათასით შემცირდა. ჩვენი მოსვლის შემდეგ 60-65 ათასით გაიზარდა სამუშაო ადგილი და ეს არ გაზრდილა სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე. ეს არის სწორედ ის, რაც ბიზნესმა დაასაქმა. ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციის ეკონომიკაზე. ლარის კურსიც მაშინ ვალებით რეგულირდებოდა. მცურავი კურსი დავიჭირეთ. სწორი ეკონომიკის პირობებში ლარმა თავი ჯანსაღად აჩვენა. ეს იყო საკმაოდ ძნელი მისაღწევი.

ვერავინ იტყვის, რომ დღეს ბიზნესს ვენმე ეხება. როგორც კი რეგიონი გონზე მოვა, ევროპაში დამთავრდება კრიზისი, ეკონომიკის ზრდის სხვა ტემპები იქნება.

ბევრის გაკეთება გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყანა 15-20 წელიწადში ეკონომიკური კუთხით ევროპას მივუახლოვოთ.

დღეს საქართველო 18 წარმატებულ ქვეყანაში შედის. მენეჯმენტი გაუმჯობესებულია გაცილებით, მედია თავისუფალია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-12  წლის   ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით მსოფლიოში 137 პოზიციაზე იყო. 2012 წლამდე საქართველო შედიოდა ყველაზე მაფიოზურ ქვეყანაში, დღეს საქართველო შედის 17 ყველაზე ორგანიზებული დანაშაულებისგან დაცულ ქვეყანაში მსოფლიოში. ესეც მოქმედებს მაკროეკონომიკური გარემოს წარმოდგენაზე და რეიტინგზე. 2012 წლამდე ბოლოდან მე-6 ადგილას ვიყავით მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით. დღეს გარდატეხა მოხდა, საქართველო მაკროეკონომიკით უსწრებს ისეთ მოწინავე ქვეყნებსაც კი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი, იაპონია და ა.შ.

მაკროეკონომიკის დამატებით ხიბლს აჩენს კიდევ ის, რომ ეკონომიკა არის კიდევ შესავსები. ყველაფერი ასაშენებელია, გასაკეთებელია და ესეც გარკვეულ ხიბლს აჩენს ინვესტორებისთვის. ჩვენი ეკონომიკა არ არის ასეთი ქვეყნების შესადარი, თუმცა 2030 წლისთვის თუ სწორად წავიყვანთ ქვეყანას, ასეთ მთავრობას შევინარჩუნებთ, როგორიც დღეს გვყავს, ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ 2030 წლისთვის მათი  მსგავსი ეკონომიკა იყოს საქართველოში.

ოთხ წელიწადში რომ სახელმწიფო შენდებოდეს, ეკონომიკა ღორძინდებოდეს და მოწინავე ქვეყნებში შედიოდეს, ყველა ასეთი იქნება და არსად არ იქნება გაჭირვებული სახელმწიფო. ეკონომიკის აღორძინებას და აღზევებას სჭირდება დრო. ოთხი წელიწადი უნდა გაანალიზოთ, სად ვიყავით და სად მოვედით. არ იფიქროთ, რომ 2030 წელს საქართველოში გაჭირვებულს ვეღარ ნახავთ ან საერთოდ ნახავთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც გაჭირვებული არ არის. ეს ოდითგანაა. გაჭირვებულ ადამიანს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ნახავთ",- განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner