logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: რუსეთში „ელიტარული“ ამბოხის ისტორიამ გამოავლინა ქართული ლიბერალური ოპოზიციის პოლიტიკური უმწიფრობა
- +

27 ივნისი. 2023. 15:51

 

 

„ხელისუფლებამ გამოავლინა კრიზისულ სიტუაციებში დინჯი, გააზრებული მოქმედებების უნარი, ანუ სახელმწიფოებრივად  აზროვნება და მოქმედებები, რომელიც ზოგჯერ, სწორედ სიდინჯეზე და არმოქმედებაზე გადის!

 

ოპოზიცია ერთსულოვანი იყო, როგორც არასდროს: ის რამდენიმე საათით ერთსულ „პრიგოჟინისტად“ იქცა!“ - ასე აფასებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ანალიტიკოსი მაია ნიკოლეიშვილი რუსეთში მომხდარ მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქციებს.

 

„რუსეთში მომხდარმა, არშემდგარმა „ელიტურმა“ ამბოხმა ერთი ტიპის რეაქცია გამოიწვია ე.წ. ლიბერალურ  სამყაროში და მეორე ტიპის - სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში.

 

იმდენად მცირეა რეალური ინფორმაცია ამბოხის მიზეზებზე, რომ, ჯერჯერობით, ვფიქრობ, ანალიზის მცდელობა ილუზიებს ან  ჭორაობას დაემსგავსება.

 

ამ მოვლენებმა ბევრ რამეზე ღრმად ჩაგვაფიქრა...

 

ჩემი აზრით,  ამ მოვლენებმა დიდი ინფორმაცია მოგვცა საქართველოს პოლიტიკურ წრეებზე და მათ ინტელექტუალური და პარტიული რესურსების მდგომარეობაზე;

 

ხელისუფლებამ გამოიჩინა სიდინჯე, მოთმინება, მოვლენებზე მშვიდი დაკვირვების რეჟიმი აირჩია და მისი ნაბიჯების სისწორე მოვლენების განვითარებამ დაადასტურა.

 

მშრალი ნაშთი: ვფიქრობ, ხელისუფლებამ გამოავლინა კრიზისულ სიტუაციებში დინჯი, გააზრებული მოქმედებების უნარი, ანუ სახელმწიფოებრივად  აზროვნება და მოქმედებები, რომელიც ზოგჯერ, სწორედ სიდინჯეზე და არმოქმედებაზე გადის!

 

ოპოზიცია ერთსულოვანი იყო, როგორც არასდროს: ის რამდენიმე საათით ერთსულ „პრიგოჟინისტად“ იქცა!

 

გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ყველაზე „წონადი“ ლიდერები პანიკურ დიაპაზონში, მხოლოდ ემოციებით მოქმედებდნენ, რაციოს სრულად „გამორთვის“ ფონზე!

 

გამოჩნდა, რომ ქართული „ოპოზიცია“ სრულად არის ჩაწნული ე.წ. „დასავლურ-უკრაინულ“ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ველში და უკვე სრულად არის ფორმირებული მათი ფსიქოლოგიური „უკრაინიზაცია“!

 

გამოჩნდა, რომ ქართული, უკრაინიზებული ოპოზიცია სრულადაა გადართული ასოციაციურ აზროვნებაზე, ლოგიკური აზროვნების ატროფიის ხარჯზე, პანიკური ემოციების პრევალირებისა და  სასურველის რეალობად მიღების ხარჯზე.

 

გამოჩნდა, რომ ოპოზიცია მინიმალურადაც ვერ ახდენს რეალობის ტესტირებას და მათი მომავლის ხედვა სასურველი ილუზიით თვითდარწმუნებაა, რაც მათ „ხანდაზმულ და ზრდასრულ ბავშვებად“ აქცევს!

 

ქართულ საზოგადოებას გაუკვირდა ოპო-ლიდერების პრიმიტიული, ნეგატივისტური, სინამდვილეში კი ბავშვური აზროვნება და აცანცარება!

 

გამოჩნდა ოპო-პარტიული სტრუქტურების დრომოჭმულობა; ლიბერალურ ოპო-პარტიებს შორის მინიმალური იდეოლოგიური ან მსოფლმხედველობითი, ან ღირებულებითი სხვაობის არარსებობა!

 

გამოჩნდა, რომ, ლიბერალურ ოპო-პარტიებს შორის განსხვავება მხოლოდ სახელწოდებებსა და ლიდერების გვარ-სახელებშია, მათ არ გააჩნიათ ინდივიდუალობა,  იდეური ნიში,  საკუთარი პარტიული მიზნები და გააზრებული, სახელმწიფოზე ორიენტირებული ამოცანები, მომავლის ხედვა და სახელმწიფოს პოზიტიური განვითარების პერსპექტიული გეგმა.

 

„ლიბერალური“ ოპოზიციის პარტიული სტრუქტურების იდეოლოგიურ-საინფორმაციო მუშაობა  სრულადაა ჩანაცვლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ტელე-მედიის, სოციალური მედიის (ძირითადად ფეისბუქში) ლოკალური აქტივობებით,  ვირტუალური ჯგუფების  სოციალური მედია-შეჭიდულობით და ვირტუალურ სივრცეში ერთდღიანი ბოლის - ემოციების გამოშვებით!

 

პარტიული მიზნები ჩანაცვლებულია  მოკლევადიანი მცირე, ლოკალური  ფსევდო-წარმატებებით (ლოკალური კინკლაობა სოციალურ მედიაში, „დაჰაჰავება“, რამდენიმე დღიანი მედია და ფეისბუქ-ბულინგი, პრიმიტიული, ინფანტილური პერფორმანსები, ფსიქოლოგიური დესტრუქცია) და გრძელვადიანი უტოპიური ილუზიებით, რომელთა დასაბუთებაც არ ხდება და რომლებიც  კომუნიზმში შესვლის ილუზიების მსგავსი უკრიტიკო აკვიატების  ხასიათს ატარებს!

      

მშრალი ნაშთი: რუსეთში 23-24 ივნისის „ელიტარული“ ამბოხის ისტორიამ გამოავლინა ქართული ლიბერალური ოპოზიციის პოლიტიკური უმწიფრობა, პანიკიორობა, კრიზისულ სიტუაციებში რაციოს ჩანაცვლება ემოციით, ლოგიკური აზროვნების სიმწირე, პარტიული სტრუქტურების დეგრადაცია და სახელმწიფოებრივი აზროვნების უუნარობა, ინფანტილიზმი და პოლიტიკური უპერსპექტივობა, სრული დამოკიდებულება დასავლური მართვის ცენტრების საინფორმაციო ქსელებიდან მიღებულ მესიჯ-ბოქსებზე, რაც მათ ლიდერებსა და  პარტიულ სტრუქტურებს ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ  ფსიქოლოგიურ იარაღად  აქცევს!“ - წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner