„ამ შეწყალების მიზანი არ არის საქართველოს დახმარება სტატუსის მისაღებად. ამას აქვს ორი მიზანი: პირველი, რომ გაღრმავდეს პოლარიზაცია საქართველოში და როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი; მეორე - ოპოზიციისთვის პირველადი ლიდერის პოვნა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, გვარამიას გათავისუფლება არა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში დახმარებას, არამედ ქართული ოპოზიციის გვარამიას ირგვლივ გაერთიანებას ემსახურება.
„ეს რომ დავალებული იყო ევროპიდან „ნაციონალური მოძრაობის, ჩვენი ოპოზიციის ლობისტების მიერ, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. საკვირველი არ არის, უბრალოდ მიუღებელია, რომ კრამონის ამ პოლიტიკურ აღიარებაზე კომენტარს რატომ ვერ აკეთებენ, იცით?! - ეშინიათ ევროპის. ისიც კი არ შეუძლიათ, რომ გაბედონ პრეზიდენტმა, თვითონ გვარამიამ, ან ვინმე სხვამ, რომ რაღაც გაითამაშონ, თუნდაც კულისებში, ერთმანეთში მოილაპარაკონ და ღიად სხვა რამ თქვან, როლები გაინაწილონ და დაფარონ ეს ამხელა აღიარება, რომელმაც ყველაფერი, გარდა ამ თემისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა დირექტივა მოდის ოპოზიციისა და „ნაცმოძრაობის“ ევროპელი ლობისტებისგან. ხაზს ვუსვამ: მათი ლობისტებისგან და არა - მთლიანად ევროკავშირისგან, ან ევროპისგან, - ამას ყოველთვის ვაყენებთ სხვადასხვა მხარეს. ირაკლი კობახიძის შეფასება მხოლოდ ქართულ ოპოზიციას არ ეხებოდა. ეს ოპოზიციის იქაურ ლობისტებსაც ეხებათ. ამჩატდა ჩვენი ოპოზიციაო - მარტო ქართველები კი არა, როგორც ჩანს, მათი ლობისტებიც ამჩატებულნი არიან და შედეგიც სახეზეა. ამ შეწყალების მიზანი არ არის საქართველოს დახმარება სტატუსის მისაღებად. ამას აქვს ორი მიზანი: პირველი, რომ გაღრმავდეს პოლარიზაცია საქართველოში და როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი; მეორე - ამ გზააბნეულ ოპოზიციას, რომელსაც არა მარტო პირველადი, არამედ მეორეული ლიდერებიც აღარ ჰყავს უკვე (ზოგადად პოლიტიკას ჰყავს პირველადი და მეორეული ლიდერები - პირველადი, ანუ პოლიტიკური ლიდერები, მეორეული, ანუ თემატური ლიდერები).
თუ აქამდე ის მეორეული ლიდერები სადღაც მაინც ჩანდნენ, დღეს უკვე მათი პულსიც აღარ ისმის. ოპოზიციური სპექტრიდან გამქრალია ყველაფერი, ამას ხედავენ მათი ლობისტები და იმ მილიარდობით დოლარით, რასაც საქართველოში რიცხავენ, რომ როგორმე ოპოზიციას ჩაბერონ სული, არაფერი გამოსდით, ამიტომ ოპოზიციას სჭირდებოდა ლიდერი. რა თქმა უნდა, ველი, რომ გვარამია არა მარტო „ნაცმოძრაობას“, არამედ მთელს ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში და მის ირგვლივ აკინძავენ ყველაფერს. ვნახოთ, რამდენად შეძლებს გვარამია ამ ოპოზიციის შეკვრას და ერთ ტალღაზე მოქცევას, თუმცა მეეჭვება, რომ ეს შეძლოს, რადგან ამ ოპოზიციაში ყველას საკუთარი მიზანი და ამბიცია აქვს, ამიტომ ეს შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რეალური მიზეზი იყო პოლარიზაცია საქართველოში, სტატუსის არმონიჭება და ქართული ოპოზიციის გაერთიანება გვარამიას ირგვლივ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.