logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა
- +

27 ივნისი. 2023. 20:16

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრირების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო საქართველოში უნიკალური პროექტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შექმნის მთავარი ინიციატორი.

გიორგი ამილახვარის თქმით, ევროპული სკოლის მშენებლობის იდეა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, რასაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობა.

მინისტრმა ევროკომისარს პროექტის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ სკოლის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს და სულ მალე საქართველოში იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულება, რომელიც მომავალ თაობას ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი ამილახვარმა იოჰანეს ჰანთან ევროპული აკრედიტებული სკოლების ქსელში, სრულფასოვანი წევრის სტატუსით საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ინტეგრირების საკითხიც განიხილა. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, რომ დაიწყოს ევროპული სკოლის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო პროცედურები.

გიორგი ამილახვარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის წარმატებით განხორციელებისა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფის საქმეში იოჰანეს ჰანისა და ევროკომისიის მხარდაჭერის გაძლიერების იმედი გამოთქვა.

თავის მხრივ, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მადლობა გადაუხადა მინისტრს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის განხორციელების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის.

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, მან ევროპულ მხარესთან ქართველი სტუდენტებისთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრმა იმ მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს იმავე პირობებით სარგებლობის საშუალებას მისცემს, რითაც ევროპელი სტუდენტები სარგებლობენ.

საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის პაკეტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსების გამოყოფის შესაძლებლობებს, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დასაჩქარებლად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner