logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე „ნაცმოძრაობაზე“: ოპოზიციაში ყოფნის დროს რას აკეთებენ და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, რომ ესენი ოდესმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თორემ საქართველო აღარ იარსებებს
- +

27 ივნისი. 2023. 20:24

"ახლა ვხედავთ, ოპოზიციაში როგორები არიან, როგორ მტრობენ ქვეყანას, როგორ აკეთებენ ყველაფერს, რომ სტატუსი არ მივიღოთ, თანაც ამაზე ღიად საუბრობენ ხან ევროპელები, ხანაც - თვითონ. გარდა ამისა, ცდილობენ, როგორმე სისხლი დაღვარონ საქართველოში და გაანადგურონ ისედაც კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყანა," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა

მისი თქმით, რადიკალიზმი დაფუძნებულია მეტ აზროვნებასა და გონიერებაზე მაგრამ ოპოზიციამ ეს არასწორად გაიაზრა და მათი რადიკალიზმი დაფუძნებულია ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ქვეყნის ძარცვის გეგმაზე.

ისინი ერთადერთი მიზნისთვის იყვნენ ხელისუფლებაში და, ალბათ, ახლაც ამისთვის აპირებენ დაბრუნებას - რაც შეიძლება, მეტი ფული წაგლიჯონ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ყველამ კარგად ვიცით, რას აკეთებს პრიგოჟინი და რა გაუკეთებია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ალბათ, არაჩვეულებრივი მეწყვილე ეყოლებოდათ რუსეთში ხელისუფლების სახით და უფრო მეტ ფულს იშოვიდნენ, უკეთესად გაყიდდნენ საქართველოს, რომლის გაყიდვაც ვერ დაასრულეს, მხოლოდ თბილისი, ქუთაისი და კახეთის ტერიტორია დარჩათ გასაყიდი. რა თქმა უნდა, მათთვის უფრო მისაღები იყო პრიგოჟინი, ვიდრე პუტინი, რადგან, როგორც ჩანს, პუტინთან კი ჩადის ისევ რიგ-რიგობით მთელი „ნაცმოძრაობა“, ისევ პუტინთან წყვეტენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს და ისევ ვაჭრობენ, მაგრამ კარგად - ვეღარ.

მთელი დღე, როცა ვაგნერის „ბუნტი“ იყო რუსეთში, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: ვერაფრით წარმოვიდგენდი, „ნაცმოძრაობამ“ 9 წლის განმავლობაში რა სისაძაგლეც ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ამაზე უარეს მტრობას თუ ოდესმე გულში გაივლებდა. ვეღარ წარმომედგინა, იმაზე მეტი რა უნდა ექნათ, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა და ჩვენ ეს ვნახეთ 2 დღის წინ. მართალია, ამას მთელი ეს წლები ვხედავთ, მაგრამ ახლა ვხედავთ, ოპოზიციაში როგორები არიან, როგორ მტრობენ ქვეყანას, როგორ აკეთებენ ყველაფერს, რომ სტატუსი არ მივიღოთ, თანაც ამაზე ღიად საუბრობენ ხან ევროპელები, ხანაც - თვითონ. გარდა ამისა, ცდილობენ, როგორმე სისხლი დაღვარონ საქართველოში და გაანადგურონ ისედაც კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, იმაზე მეტი ბოროტება ჩაედინათ ქვეყნისთვის, რასაც სჩადიოდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში, მაგრამ თურმე შეიძლება. ოპოზიციაში ყოფნის დროს რას აკეთებენ და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, რომ ესენი ოდესმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თორემ წარმოუდგენელია, რას უზამდნენ ამ ქვეყანას - საქართველო აღარ იარსებებს, დარჩება მხოლოდ სახელი, მაგრამ ქვეყანა და ერი მთლიანად განადგურებული იქნება.

ზოგადად პოლიტიკურ რადიკალიზმს ახასიათებს გონიერება. რადიკალიზმს სჭირდება უფრო მეტად დამჯდარი აზროვნება, მეტი სიბრძნე და, რაც მთავარია, ღირებული იდეა. საერთოდ, ჩემთვის რადიკალიზმი მიუღებელია, მაგრამ ის ევროპული რადიკალიზმი, რომელიც დღეს ევროპაშია, მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიის მიერ წამოწყებული, გონიერი, აზროვნებაზე დაფუძნებული რადიკალიზმია. ამათი რადიკალიზმი არის ერთადერთ იდეაზე დაფუძნებული: როგორმე ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება და განაგრძონ ამ ქვეყნის განადგურება და ხალხის ძარცვა. ეს არის ამათი იდეა, ამის გამოა, რომ ისინი ვერც ახლა მოდიან ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner