„ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას, უსახლკაროდ დარჩეს", - ამ სიტყვებით პასუხობს ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა - ყოფილი „ნაცი" არ არსებობს. „ნაციონალი" არის ყველა, ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად „ყველაფერი მოსულა". „მაესტროს" ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია. ვფიქრობდი, რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას, უსახლკაროდ დარჩეს. მიშასთან თამაში საშიშია", - წერს „facebook"-გვერდზე ქიბარ ხალვაში.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2"-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც, მათი თქმით, მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში „რუსთავი 2" არასდროს ყოფილა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
ხელშეკრულების ავთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
„ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2"-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ", - განუცხადა ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-ს.