28 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რიგით 27-ე გენერალური ასამბლეის ტექნიკური სესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას და მის ფარგლებში მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენას უმასპინძლა. 2023 წლის, IOTA-ს გენერალური ასამბლეის პროფესიული თემაა - „საერთაშორისო საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო ადმინისტრაციათა ტრანსფორმაცია“.
აღნიშნული ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა გახსნეს.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური გამოფენა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში, მათ შორის ბიზნეს სექტორის ჩართულობით იმართება, მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას ადგილზე გაეცნონ იმ ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროდუქტებს, რომლებსაც თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრაციები იყენებენ.
„IOTA უნდა განვიხილოთ, როგორც უნიკალური ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროკავშირის წევრ და არაწევრ საგადასახადო ადმინისტრაციებს და ამავე დროს, აქტიურად არის ჩართული გლობალური საგადასახადო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელებაში. საგადასახადო ადმინისტრაციებს ხშირად უხდებათ მათი ყოველდღიური ოპერაციებისა თუ სისტემების ცვლილება, რათა მოერგონ ახალ რეალობას და საერთაშორისო დღის წესრიგს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკზე დაფუძნებულ და ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენგან მოითხოვს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებს, ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანურ რესურსს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისები და მათ შორის უახლესი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, IOTA-ს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან, ალიქს პერინიონთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან და მონაწილეებთან ერთად, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და გამოფენაში მონაწილე მხარეებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია უახლესი საგადასახადო სისტემების შესახებ.
აქვე შეგახსენებთ, რომ IOTA ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 42 ქვეყნის ადმინისტრაციას. გენერალური ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება და მას პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს. ასამბლეის მიზანია - ორგანიზაციის მიერ, საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეფასება, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ევროპის რეგიონის საგადასახადო ადმინისტრაციების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა.