საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისეთი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში აქვს, არასდროს ჰქონია.
მისი თქმით, იმ კრიზისის პირობებში, რაც რეგიონსა და ევროპაშია, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი სახელმწიფოა.
„ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა არ არის მომხიბლავი დღეს, როგორიც იყო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც არასდროს ყოფილა წინა ხელისუფლების დროს. როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაშია კრიზისი, ქვეყანა ვერ გაიზრდება ძალიან მაღალი ტემპებით, მაგრამ ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი ზრდის ტემპებით.
ქვეყანა ვალების ეკონომიკიდან გადავიდა ინვესტიციების ეკონომიკაზე. კორუფცია ნულამდეა დასული. სამუშაო ადგილები 2012 წლამდე 23 000-ით შემცირდა და ქვეყნიდან გადინების ტემპი იყო ძალიან მაღალი. ჩვენი მოსვლის შემდეგ სამუშაო ადგილები გაიზარდა დაახლოებით 65 000-ით. ამავდროულად, ეს არ გაზრდილა სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე, პირიქით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციების ეკონომიკაზე. ლარის კურსი ახალი ვალებით რეგულირდებოდა. ნახეთ, ახლა როგორი მცურავი კურსი დავიჭირეთ და რა მოხდა რეგიონებში. ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი სწორი ეკონომიკის პირობებში, რაც საოცრად ძნელი მისაღწევი იყო. როდესაც რეგიონი არის კრიზისში, იქ რომელიმე ქვეყანა ვერ იქნება სუპერწარმატებული, მაგრამ ამ პირობებში ჩვენ ვართ ლიდერები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.