„გიგი უგულავა და სხვანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და მათთვის მთავარია, რომ ქართულმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რატომ? - იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
„დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოპოზიცია რეალურად არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის და გმობს ყოველივე ქართულს, მათ შორის - სახელმწიფოებრივ მიდგომას, სახელმწიფოებრივ ინტერესს. დიახ, გიგი უგულავა და სხვანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და მათთვის მთავარია, რომ ქართულმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რატომ? - იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. თუ ეს მოხდება, გიგი უგულავა და მავანნი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად "გაიჯეჯილებს". „ქართული ოცნება“ მიუხედავად ამ დესტრუქციული ძალების შეძახილისა, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ყველა დონეზე იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და თუ იქნება მიღებული სამართლიანი და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართული სახელმწიფო ნამდვილად მიიღებს სტატუსს იმიტომ, რომ ყველა მონაცემით და ინდიკატორით ნამდვილად ვიმსახურებთ ამას“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.