პარლამენტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, საგადასახადო შემოსავლების, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებების) წლიური გეგმების შესრულების მაჩვენებლების, აგრეთვე, არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ვალდებულებების ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების გეგმა შესრულებულია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.1%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა და ნომინალური მშპ-ს მოცულობა 71.8 მლრდ. ლარს გაუტოლდა. მისივე განცხადებით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 19.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი სულ მობილიზებულია საპროგნოზო მაჩვენებლის 100. 8%.
გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ასევე გააცნო ინფორმაცია - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ზრდით, თუმცა წლის განმავლობაში პროგნოზები 2-ჯერ გადაიხედა. გენერალური აუდიტორის დასკვნით, ფაქტობრივმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,1% შეადგინა.