გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელ ერიკ ილესს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა SIDA-ს, შვედეთის სამეფოს საელჩოსა და მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის; ხაზგასმით აღნიშნა ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი.
„ნარჩენების მართვის რეფორმა საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ჩვენი მიზანია, ეს გზა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გავიაროთ. გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების გატარება, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, შვედეთის მხარდაჭერით, ჩვენი მთავრობის და პარლამენტის აქტიური მუშაობით, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გამოწვევები კიდევ გავქვს და მათ დაძლევაში დონორების დახმარება, კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც შეხვედრაზე SIDA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, შვედეთის მხარე დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას და გარემოს დაცვის კუთხით რეფორმების განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.
„საქართველოს ნარჩენების მართვის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე აქვს, მიღებულია ახალი რეგლამენტები და რეგულაციები, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით. შვედეთი მზად არის, საქართველოს გაუზიაროს საკუთარი და გააცნოს იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, ვინც მსგავსი გარდამავალი ეტაპი გაიარა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სრულდება ჩვენი რამდენიმე პროექტი, ამასთან, ვმუშაობთ ახალ სტრატეგიაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ზუსტად გავეცნოთ იმ საჭიროებებს, რაც ამ ეტაპზე საქართველოს აქვს“, - განაცხადა ერიკ ილესმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, ინსტიტუციური განვითარების და სხვა მიმართულებებით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.